
დუა ლიპამ და დონატელა ვერსაჩემ საზაფხულო კოლექცია შექმნეს, რომლის ჩვენებასაც ბრენდი კანის კინოფესტივალის ფარგლებში გამართავს. კოლექცია სახელად “La Vacanza” ვერსაჩეს ლაქშერი ხაზის საზაფხულო გამოშვება იქნება, ხოლო გაყიდვაში ჩვენების დასრულებისთანავე, 23 მაისს ჩაეშვება.
“ერთი სული მაქვს გაჩვენოთ რა შევქმენით!” აღნიშნა დონატელამ საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე, სადაც მისი და დუა ლიპას ფოტო გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით არაფერი დასტურდება, დიდი ალბათობით დუასა და დონატელას ფოტოზე სწორედ აღნიშნული კოლექციის სამოსი აცვიათ.

დუა ლიპასთვის აღნიშნული კოლაბორაცია ლუქს ბრენდებს შორის პირველია, თუმცა მანამდე, 2021 წელს დუამ კოლექცია შექმნა Pepe Jeans-თვის. დუასა და ვერსაჩეს შორის თანამშრომლობა წლებია გრძელდება, მათ შორის აღსანიშნია მომღერლის გამოჩენა ვერსაჩეს 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის შოუს პოდიუმზე.
ალბანელი მუსიკოსი მოდის სამყაროში საკმაოდ აქტიურია. მიუხედავად იმისა, რომ ის სან ლორანის სუნამოს Libre-ს სახეა, გასულ ორშაბათს, წლევანდელი Met Gala-ს თანაორგანიზატორიც იყო, რომელიც კარლ ლაგერფელდსა და მის მემკვიდრეობას მიეძღვნა.
WWD-სთან საუბარში დონატელამ აღნიშნა, რომ დუასთან ძალიან სასიამოვნო იყო მუშაობა. “კოლაბორაციული მუშაობით ყოველთვის შთაგონებული ვიყავი, ხოლო დუასთან ერთად ამ კოლექციის შექმნა ძალიან ამაღელვებელი იყო, ჩვენ ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს. დუა ძლიერი, უშიშარი და თავისუფალი ადამიანია. მისი კრეატიული ხედვა განსაკუთრებულია,” ამბობს ის. “ზაფხული მაგიური დროა. ჩვენ ამ მაგიის გადმოცემა გვსურს ფერებითა და სილუეტებით.”