2022 წელს FiFa-ს მსოფლიო ჩემპიონატი კატარში ტარდება. ადამიანის უფლებების დაცვისა და აღიარების მიმართულებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკისადმი პროტესტის ნიშნად, ჩემპიონატის მუსიკალურ გაფორმებაზე რამდენიმე არტისტმა უარი თქვა. მათ შორის არის Dua Lipa. მომღერალმა გავრცელებულ ხმებს უპასუხა და განმარტა, რომ კატარში მუსიკალური პერფორმანსით არ წარდგება. როგორც Dua Lipa-მ სოციალური მედიის მეშვეობით განაცხადა, კატარს დიდი სიამოვნებით ეწვევა მას შემდეგ, რაც ქვეყანა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს გადადგამს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების მონაცემებით კატარში განსაკუთრებულად ირღვევა ქვიარ თემის უფლებრივი მდგომარეობა, ასევე აღირიცხება ემიგრანტი მუშა ხელის ექსპლუატაციის უამრავი შემთხვევა. სწორედ ეს გარემოებები იქცა მიზეზად, რის გამოც სხვადასხვა სფეროს ცნობილმა ადამიანმა პროტესტი გამოხატა.

Dua Lipa-ს მსგავსად, FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის მუსიკალურ შოუში მონაწილეობაზე უარი თქვა როდ სტიუარტმაც. თუმცა არიან მომღერლები და მუსიკალური კოლექტივები, რომელთა პერფორმანსები ჩემპიონატის პროგრამაშია. ამჟამინდელი ინფორმაციით, კატარში მასშტაბური სპორტული მოვლენის მუსიკალურ შოუს უერთდენიან ისეთი მომღერლები და ჯგუფები, როგორებიც არიან რობი უილიამსი, BTS, Black Eyed Peas.
FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატი კატარში 20 ნოემბერს გაიხსნება და 18 დეკემბერს დაიხურება.