1986 წელს ანტვერპენიდან ლონდონში ექვსი დიზაინერი ჩავიდა, რათა თავიანთი შემოქმედება ახალი აუდიტორიისთვის წარედგინათ. ეს იყო ჯგუფი, რომლის ყველა წევრი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, მაგრამ თითოეულ მათგანს საერთო ავანგარდული სულისკვეთება ამოძრავებდა და მათი დიზაინ ფილოსოფია “ანტი-მოდას” ერგებოდა. მათ შორის იყო დრის ვან ნოტენი, რომელიც ექვსეულიდან კომერციულად ყველაზე წარმატებული გამოდგა და ფერების ქსოვილების, პრინტების ზღაპრული სამყარო შექმნა. 38 წლის და 128 ჩვენების შემდეგ, დრისმა თავისი უკანასკნელი კოლექცია წარადგინა. რა თქმა უნდა, ჩვენებაზე დამსწრეთა შორის ლეგენდარული ანტვერპენის წევრებიც იმყოფებოდნენ – Ann Demeulemeester და Walter Van Beirendonck.



ბელგიელმა დიზაინერმა თავისი საქმიანობის მიტოვების შესახებ სამი თვის წინ განაცხადა. “ჩემი ოცნება იყო, მოდაში ხმა მქონოდა,” – ვკითხულობდით მის საჯარო წერილში. “ეს ოცნება ავიხდინე. ახლა კი მინდა ისეთ რამეებზე ვკონცენტრირდე, რისთვისაც დრო არასდროს მრჩებოდა.” თუმცა საკუთარ ბრენდს სრულად არ ტოვებს და, როგორც მრჩეველი კვლავ შეიტანს წვლილს ბიზნესის განვითარებაში, რომელიც 2018 წელს Puig-ს მიჰყიდა.
1991 წელს პარიზში დრისმა თავისი პირველი ჩვენება გამართა. 66 წლის დიზაინერი თავისი შოუს ფინალში გულშემატკივრების წინაშე ბოლოჯერ ისევ საფრანგეთში გამოჩნდა.

დრისს სურდა, რომ ეს არ ყოფილიყო თავისი შემოქმედების ერთგვარი რესტროსპექტივა ან წარსულში ნაჩვენები კოლექციებიდან ჰიტების შემოთავაზება, ნაცვლად ამისა, მან ახალი მასალებით შექმნილი ნამუშევრები წარმოგვიდგინა და ნოსტალგიით გაჟღენთილი საზეიმო განწყობა შექმნა.


პოდიუმს მიღმა, La Courneuve-ში, იქ, სადაც 2004 წელს ბრენდის 50-ე ჩვენება ჩატარდა, ათასზე მეტ სტუმარს საშუალება ჰქონდა პროექტორის შუქზე ეხილა კადრები დრისის ბრწყინვალე კარიერიდან.
უშუალოდ პოდიუმზე კი ნოსტალგიას მოდელების შემადგენლობაც იწვევდა. პირველი ლუქი Alain Gossuin-მა წარმოადგინა, რომელიც 1991 წელს დრისის პირველ ჩვენებაზეც გამოვიდა. კარენ ელსონი, დებრა შოუ, კირსტენ ოუენი – იმ მოდელებს შორის იყვნენ, რომლებმაც ბელგიელი დიზაინერის კოლექციები წარსულშიც თავმომწონედ მოირგეს.


დრის ვან ნოტენის ბოლო კოლექციის ინსპირაციად თანამედროვე ბელგიელი არტისტი ედით დეკინდტი იქცა, რომლის შემოქმედებაშიც გამჭირვალობა დიდ როლს თამაშობს, რაც დიზაინერის ნამუშევრებშიც გამოვლინდა. თავისი კარიერის განმავლობაში, მან პირველად გამოიყენა იაპონური ტექნიკა – “Suminagashi,” ანტიკური დაპრინტვის მეთოდი, რომელიც თითოეულ ქმნილებას უნიკალურად აქცევს. 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია ელეგანტურობის casual, თანამედროვე სახეს წარმოგვიდგენს, დრისის დიდებული ნიჭით გადმოცემულს.
ჩვენების ჩანაწერი
ასევე წაიკითხეთ – “ანტვერპენის ექვსეული” – ბელგიიდან წამოსული დიზაინერების ახალი ტალღა