ცნობილი გახდა, რომ Dries Van Noten-ის ახალი შემოქმედებითი ლიდერი ეყოლება. დამფუძნებლისა და ყოფილი კრეატიული ხელმძღვანელის, დრის ვან ნოტენის შემცვლელად ბრენდმა ჟულიენ კლაუსნერი დაასახელა. კლაუსნერი უხელმძღვანელებს Dries Van Noten-ის როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ხაზებს.

ჟულიენ კლაუსნერი

ჟულიან კლაუსნერი ცნობილი სახე არ გახლავთ, მას მარტივად შეგვიძლია ვუწოდოთ “მოდის ინსაიდერი”, რომლის სახელიც აქამდე მხოლოდ მოდის ვიწრო წრეებში იცოდნენ. იგი ლეგენდარულ ბელგიერ დიზაინერთან წლების განმავლობაში მუშაობდა და შეიძლება ითქვას, რომ კარგად იცნობს ბრენდის საინტერესო სტილსა და ისტორიულ კოდებს. “Dries Van Noten-ში გატარებული წლების წყალობით… კლაუსნერი წარმოადგენს ბუნებრივ კავშირს წარსულსა და მომავალს შორის” – ნათქვამია ბრენდის ახალ განცხადებაში.

აქვე შეგახსენებთ, რომ მაღალი მოდის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დიზაინერი, ბელგიური მოდის საკულტო ფიგურა და ანტვერპენის ექვსეულის საპატიო წევრი, დრის ვან ნოტენი საკუთარ ბრენდს მიმდინარე წლის ივნისში დაემშვიდობა. მოდაში გატარებული ოთხი დეკადის შემდეგ, დრისის მიერ შექმნილი ბოლო კოლექციის ჩვენება პარიზის მამაკაცის სამოსის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.