ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე მოთხოვნა სულ უფრო და უფრო იზრდება. გასული წლების განმავლობაში, საქართველოში გაჩნდა ბრენდები, რომლებმაც ხარისხისა და გამორჩეული დიზაინის შეთავაზებით, ქართველი მომხმარებლის გული მოიგო. ყოველთვის სასიხარულოა, როდესაც ისეთი ბრენდის შექმნის შესახებ ვიგებთ, რომლებიც სურვილს გვიჩენს, ჩავიცვათ ქართული. სწორედ ასეთ ახალ სტარტაპს გაგაცნობთ ამ სტატიაში – გიყვებით Dreamers-ზე, რომელიც ფეხსაცმელებს მეოცნებეებისათვის ქმნის.
მისი ისტორია 2021 წლიდან იწყება. ეს დასაწყისი კი საკმაოდ საინტერესო და თანაც მრავალფეროვანია.
Dreamers-ის პროდუქცია პრემიუმ ხარისხის ნატურალური ტყავის მასალისგან იქმნება და დახვეწილი, ელეგანტური, თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა. ის ისეთივე ფერადია, როგორიც ჩვენი ოცნებები. ”ჩვენი ფეხსაცმელი მომხმარებელს საშუალებას აძლევს გამოხატოს საკუთარი ემოცია, ხასიათი, შეგრძნებები და ინდივიდუალიზმი,” – აღნიშნავენ ჩვენთან საუბარში ბრენდის დამფუძნებლები.
ბრენდი სხვადასხვა გემოვნების ადამიანს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს – ის აერთიანებს როგორც სპორტულ, ასევე კლასიკურ სტილს.. აღსანიშნავია, რომ კლასიკური ხაზი სრულად ხელნაკეთია. იქიდან გამომდინარე, რომ ძირი უნიკალური მეთოდით არის შექმნილი, ფეხსაცმელები არა მხოლოდ ვიზუალით გამოირჩევა, არამედ კომფორტული და პრაქტიკულიც არის.
“ყველაფერი ოცნებით იწყება: სიყვარული, მოტივაცია, მიზანი, ეს ხომ საუკეთესო შეგრძნებებია, რომლებიც მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მეოცნებე ხარ. ოცნებას ხომ სამყაროში ცვლილების შეტანა შეუძლია, ჩვენ მივსდევთ ოცნებებს რის გამოც არ ვჩერდებით,” – ამბობენ ბრენდში, რომელიც სწორედ ამ იდეას ეფუძნება.
კონცეფციისა და საქმისადმი დამოკიდებულების გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ Dreamers-ში ფეხსაცმელებს მეოცნებეებისთვის ქმნიან, რომლებსაც არ ეშინიათ გადადგან ნაბიჯი იმისათვის, რათა თავიანთი ოცნებები რეალობად აქციონ.
Dreamers-ის პროდუქციის დათვალიერება და შეძენა ბრენდის სოციალური არხების – ფეისბუქის, ინსტაგრამის და ვებ-გვერდის საშუალებით არის შესაძლებელი.