ვერსაჩემ 2024 წლის რეზორტ კოლექცია კანის კინოფესტივალის ფარგლებში წარადგინა. კოლექცია სახელწოდებით La Vacanza ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა დონატელა ვერსაჩემ პოპ ვარსკვლავ, დუა ლიპასთან კოლაბორაციით შექმნა. აღნიშნული თანამშრომლობის შესახებ ცნობილი თვის დასაწყისში გახდა, რაზეც დონატელამ საკუთარ ინსტაგრამზე შემდეგი კომენტარი გააკეთა, “დუასთან ერთად ამ კოლექციის შექმნა ძალიან ამაღელვებელი იყო, ჩვენ ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს. დუა ძლიერი, უშიშარი და თავისუფალი ადამიანია. მისი კრეატიული ხედვა განსაკუთრებულია.”
კოლექცია 42 ლუქისგან შედგება, გვხვდება როგორც ქალის, ასევე მამაკაცის სამოსიც. სილუეტები, განსაკუთრებით მამაკაცის ხაზში, 1990-იანების თავისუფალი სტილითაა შთაგონებული. 1980 და 90-იანი წლების ნოსტალგიას ვხვდებით ქალის ხაზშიც, თუმცა აღსანიშნია 60-იანი წლების შთაგონებაც, ეს განსაკუთრებით თმის სტილის არჩევანში იგრძნობა, რომელიც პრისცილა პრესლის საკულტო ვარცხნილობას წააგავს.
პოდიუმზე სამოდელო ინდუსტრიის ცნობილი სახეები ანა ევერსი, ვიტორია ჩერეტი, ჯილ კორტლევე და სხვები გამოჩნდნენ, ხოლო ჩვენების ბოლოს დონატელა სტუმრებთან შესახვედრად დუასთან ერთად გამოვიდა.




























(c) Vogue Runway