ლეგენდარულ იტალიელ დიზაინერს, დონატელა ვერსაჩეს იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ ქვეყნის საპატიო ორდენი გადასცა. “Order of Merit of the Italian Republic” ყველაზე მაღალი ხარისხის ორდენია იტალიაში, რომელიც ქვეყნის სახელოვან მოქალაქეებს ჯერ კიდევ 1951 წლიდან გადაეცემათ.

საპატიო წოდება ენიჭება მას, ვინც ბრწყინვალე კარიერა განვლო და დიდი მემკვიდრეობა შექმნა, როგორც ხელოვნების, აგრეთვე ლიტერატურის, მეცნიერების, ეკონომიკის, ქველმოქმედებისა თუ ჰუმანიტარული განხრით. ამ შემთხვევაში, დონატელა ვერსაჩემ აღნიშნული პატივი დაიმსახურა იტალიური მოდისა და კულტურის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის, აგრეთვე ჰუმანიტარული საქმიანობისთვის, რომლითაც ვერსაჩე საერთაშორისოდ არის სახელგანთქმული.

„ჩემთვის დიდი პატივია იტალიის პრეზიდენტისგან ამ ჯილდოს მიღება. ეს არის არა მხოლოდ ჩემი აღიარება, არამედ იმ ბრენდის, რომელიც ოთხი ათწლეულის წინ დავაარსეთ, აგრეთვე – ჩემი ფანტასტიკური გუნდის,” – თქვა დონატელა ვერსაჩემ.

COURTESY OF VERSACE

დონატელა დაიბადა 1955 წლის 2 მაისს, იტალიაში, კალაბრიას რეგიონში. იგი ყველაზე ახალგაზრდაა ვერსაჩეს დედმამიშვილებში, რომელთა შორის იყო ბრენდ Versace-ს დამფუძნებელი, ჯანი ვერსაჩე.