ცნობილი გახდა, რომ ამერიკული მოდის ამომავალ ვარსკვლავად წოდებული დიზაინერი, პიტერ დო Helmut Lang-ს ტოვებს. დიზაინერი Helmut Lang-ის კრეატიული დირექტორის პოზიციაზე 2023 წლის მაისში დასახელდა, სადებიუტო კოლექციის ჩვენება კი, 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე, ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართა.

პიტერმა თავისი სახელობის ბრენდი 2018 წელს შექმნა და ინდუსტრიაში ამომავალი ვარსკვლავის სტატუსიც მალევე მოიპოვა. 2014 წელს ნიუ-იორკის Fashion Institute of Technology-ს დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა დიზაინერების მხარდასაჭერად დაარსებული კონკურსის, LVMH Prize-ის, გამარჯვებული გახდა, რის შემდეგაც Celine-ში ფიბი ფაილოს დაქვემდებარების ქვეშ დაიწყო მუშაობა. მას სამუშაო გამოცდილება ასევე მიღებული აქვს Derek Lam-ში.

2021 წელს, მას შემდეგ, რაც პიტერმა ნიუ-იორკში Peter Do -ს პირველი შოუ გამართა, მან კიდევ უფრო დიდი მასების ყურადღებაც მიიქცია. თავისი სადებიუტო შოუდან ორ წელში, პიტერმა Helmut Lang-ისგან მიიღო შეთავაზება. Helmut Lang-ში პიტერის პირველ ორ კოლექციას მეტნაკლებად დადებითი რეაქციები მოჰყვა, თუმცა როგორც ჩანს, დიზაინერისა და ბრენდის თანამშრომლობის გაგრძელებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.