1990 წელს, როდესაც “მაგარი ბიჭების” პრემიერა შედგა, მარტინ სკორსეზემ თავისი კიდევ ერთი ნამუშევარი წარუდგინა საზოგადოებას – დოკუმენტური ფილმი დიზაინერ ჯორჯო არმანის შესახებ, სახელწოდებით “დამზადებულია მილანში.”
ფილმში დიზაინერი მაყურებელს საკუთარ ცხოვრებაზე და დიზაინ ფილოსოფიაზე მოუთხრობს. ის ქალაქ მილანის, თავისი ოჯახის და შემოქმედებითი პროცესის შესახებ ჩვენებისთვის მზადების პარალელურად ყვება.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ორ საყოველთაოდ აღიარებულ სახელს აერთიანებს – მარტინ სკორსეზეს და ჯორჯო არმანის – მისი არსებობა დიდი ხნის განმავლობაში იყო მივიწყებული. 2017 წელს მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს ხელახალი სიცოცხლე დაუბრუნდა, როდესაც მისი შემოკლებული, 10 წუთამდე დაყვანილი ვერსია M2M-მა თავის პლატფორმებზე გამოაქვეყნა.
სკორსეზეს ნამუშევარში ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი არმანის კინოს მიმართ არსებული დამოკიდებულების გამჟღავნებაა. დიზაინერის თქმით, ფილმები თავისი “პირველი ნამდვილი სიყვარულია,” ასევე ამბობს, რომ სიამოვნებით იქნებოდა რეჟისორი და ეს ვნება კვლავ სისხლში აქვს.
“ცხოვრება კინოა, ჩემი ტანსაცმელი კი კოსტიუმები.”
ჯორჯო არმანი
ჯორჯო და მარტინი მრავალი წელია მეგობრობენ. როდესაც არმანიმ თავისი ბრენდის 40 წლის იუბილე აღნიშნა, სკორსეზემ მას წერილიც მიუძღვნა, რომელშიც რეჟისორი წერდა:
“მარადიული ელეგანტურობა – ეს ორი სიტყვა მახსენდება, როდესაც ჯორჯო არმანიზე ვფიქრობ, ჩემს ძველ მეგობარზე, რომელიც ასე მიყვარს და პატივს ვცემ. ყოველთვის მაოცებს ჯორჯოს სამოსი, ბალანსისა და პროპორციის, ხაზისა და ფორმის, ფერისა და ტექსტურის მისეული აღქმა. არ აქვს მნიშვნელობა ვის აცვია – მის სამოსში ყველა კარგად გამოვიყურებით. ნაწილობრივ იმიტომ, რომ მის ტანსაცმელში თავს კარგად ვგრძნობთ. როგორც ყველა დიდებული დიზაინერის შემთხვევაში, ჯორჯო არმანიც არ ფიქრობს მხოლოდ წითელი ხალიჩის ეფექტზე, მას ყოველდღიური ცხოვრების კომფორტიც აინტერესებს. მისი ქმნილებები მარადიულია.
წლების განმავლობაში მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ერთად რამდენიმე ათწლეულია ვმუშაობთ. ჩვენი თანამშრომლობა რამდენიმე რეკლამისთვის და 1990 წელს ჯორჯოს შესახებ გადაღებული ფილმისთვის – “დამზადებულია მილანში” დაიწყო; შემდეგ იტალიური კინოს შესახებ ჩემს 2001 წლის დოკუმენტურ ფილმზე ვიმუშავეთ ერთად, რომლისთვისაც აღმასრულებელი პროდიუსერი იყო (მისი ნამუშევრებიდან კარგად ჩანს, რომ ჯორჯოს კინო უყვარს); ყველაზე ბოლოს კი “უოლ სტრიტის მგლისთვის” (მან მთავარი გმირისთვის, რომელსაც ლეონარდო დიკაპრიო თამაშობდა, რამდენიმე კოსტიუმი შექმნა). საკმაოდ გაგვიმართლა, რომ ამ წლების განმავლობაში ერთმანეთი უკეთ გავიცანით.”
Made In Milan
რეჟისორი: მარტინ სკორსეზე