მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში მოდაში კოლაბორაციების შესახებ გავრცელებული სიახლეები აღარავის უკვირს, იშვიათად მაინც ვიგებთ ისეთი პარტნიორობების დაწყების შესახებ, რომლებიც მღელვარებას იწვევს. Dior x Sacai სწორედ ასეთი შემთხვევაა და იმ დიზაინერებს აერთიანებს, რომლებიც მუდმივად ახალი თანამშრომლობებით გვანებივრებენ.
“იაპონიაში ვიზიტისას Sacai ჩემი ერთ-ერთი პირველი გაჩერებაა,” – ამბობს დიორის მამაკაცის ხაზის შემოქმედებითი ხელმძღვნანელი კიმ ჯონსი WWD-სთან ინტერვიუში. “Chitose Abe ჩემში ყოველთვის იწვევდა სიმპატიებს და მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ქალია. კოლექციის ერთობლივად შექმნაზე ჯერ კიდევ ჩემი ვიტონში ყოფნისას გვილაპარაკია და ეს როგორც იქნა მოხდა.”
კაფსულა კოლექციაში 38 ნივთი შავის, მუქი ლურჯის, თეთრისა და კრემისფერის მონოქრომულ ფერთა პალიტრაშია წარმოდგენილი. მთავარ დეტალს 10 ‘Saddle’ ჩანთა წარმოადგენს. ამ აქსესუარის საკულტოდ ქცეულ დიზაინზე საკაის ხელწერა თვალსაჩინოდ გვხვდება, მაგალითად, MA-1 ნეილონის, ნარინჯისფერი ბალთების და ელვა შესაკრავიანი ჯიბის გამოყენებით. დიორის მამაკაცის პალტოები და Oblique კოსტიუმები იაპონური ბრენდის სპორტული ქსოვილებით არის განახლებული. კოლექცია სულ 57 ნივთს მოიცავს. თითოეული მათგანი ორივე ბრენდის მახასიათებლებს წარმოაჩენს.





© Brett Loyd / Dior
“როცა კოლაბორაციის გაკეთების გადაწყვეტილებას ვიღებ, აუცილებელია მასში ორივე მხარე თანასწორად იყოს ჩართული,” – აღნიშნა Chitose Abe-მ, საკაის დამფუძნებელმა და კრეატიულმა დირექტორმა. “ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არცერთი მათგანი არ უნდა მიიჩნეოდეს უკეთესად ან დომინანტად პროექტში. იქიდან გამომდინარე, რომ კიმთან დიდი ხანია ვმეგობრობ, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა მასთან ერთად მუშაობის პროცესი. დიორი დაფასებული ისტორიული ბრენდია, რომელსაც მას შემდეგ ვეთაყვანები, რაც დიზაინერობა გადავწყვიტე, ამიტომ ჩემთვის უდიდესი პატივია ეს თანამშრომლობა. ინოვაცია ამ ბრენდისთვის უცხო არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მოდის სახლი მარტივად არ იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ სხვა რომელი ბრენდის სახელი დაამატოს თავისას. ეს თანამშრომლობა ცხადყოფს, რომ ის მუდმივად ისწრაფვის ინოვაციებისა და გამოწვევებისკენ.”

პირველად დიორის მოდის სახლის ისტორიაში, მის ლოგოში სხვა ბრენდის სახელსაც ვხვდებით – Sacai-ის Dior-ის “i”-ში. კაფსულა კოლექცია გაყიდვაში ნოემბრიდან გამოვა.