კიმ ჯონსმა დიორის მამაკაცის ხაზის ახალი კოლექცია კაიროში, გიზის პირამიდების ფონზე წარადგინა. “ეს ჩვენება ცასა და ვარსკვლავებზეა,” განაცხადა დიზაინერმა ჩვენების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. ფუტურისტული კოლექცია ძველი მსოფლიოს საოცრების ფონზე სიმბოლურია, თუმცა სიმბოლური მესიჯები კიმ ჯონსის ჩვენებებში ხშირად არის. მაგალითად, 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია ამ წლის 21 იანვარს, კრისტიან დიორის დაბადებისდღეს დაემთხვა და ლოკაციად დიზაინერმა პარიზის პონტ ალექსანდრე მე-3-ს ხიდი შეარჩია.

მთავარი ხაზის ჩვენებამდე 1 დღით ადრე, ასევე კაიროში კიმ ჯონსმა კიდევ ერთი კოლექცია წარადგინა. Dior Tears – ტრემაინ ემორისთან ერთად კიმ ჯონსმა დიორში მორიგ სთრითვეარ დიზაინერთან იმუშავა. კოლექციის სახელი ემორის საკუთარი ბრენდის საპატივცემულოდ უწოდეს, რომელსაც Denim Tears ჰქვია. შეგახსენებთ, რომ ემორი ასევე Supreme-ს კრეატიული დირექტორიცაა.

დიორში ქუჩის სტილისა და “ლაქშერის” გადაკვეთა უკვე მრავალჯერ ვიხილეთ კიმ ჯონსის მოღვაწეობის პერიოდში, მას ნამუშევარი აქვს შონ სთასისთან 2019 წელს, ERL-ის ელაი რასელ ლინეცთან, საკაისთან, KAWS-თან და დენიელ არშამთან. ჯერ კიდევ ლუი ვიტონში მოღვაწეობისას, ჯონსმა ძალიან დიდი ხმაური გამოიწვია 2017 წელს, როდესაც ლუი ვიტონისა და Supreme-ს თანამშრომლობა დააანონსა.