Dior-ის ქალის ხაზის შემოქმედებითი დირექტორი, მარია გრაცია ქიური აქტიურად უბრუნდება კრისტიან დიორის არქივულ კოლექციებს. ერთ-ერთი მათგანი 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ-კუტიურ ჩვენების შთაგონებად იქცა.

საუბარია ნიუ-იორკში ჩატარებულ ოტ-კუტიურ ჩვენებაზე 1951 წელს, რომელზეც მუსიკალური სტუმარი ჟოზეფინ ბეიკერი იყო. ამერიკაში დაბადებული ფრანგი მუსიკოსი და ადამიანთა უფლებების დამცველი, ჟოზეფინ ბეიკერი პარიზში 1920-იანი წლებიდან მოღვაწეობდა და ის ჯაზის ერის დაუვიწყარ ფიგურად, ისევე, როგორც აფრიკული წარმოშობის ადამიანების უფლებებისთვის მებრძოლად იქცა. “ის ნამდვილად აღსანიშნავი, უძლიერესი ქალი იყო,” – აღნიშნა ქიურიმ ვოგთან საუბარში.

ბეიკერის სასცენო კოსტიუმების მაგივრად, ქიურიმ შთაგონება მუსიკოსის ყოველდღიურ სტილში იპოვა, მოიძია მისი ნაკლებად ცნობილი ფოტოები, რომლებზეც ჟოზეფინს ომის დროინდელი უნიფორმები ეცვა. “ამ კოლექციის მთავარი ღერძი 1920-იანი წლებია. სუფთა, ნაკლებად განიერი სილუეტები და მეტი სიძლიერე,” ამბობს დიზაინერი. მიუხედავად ამისა, “შიფტ-კაბების” პარალელურად პოდიუმზე წელში ოდნავ გამოყვანილი, დიორის მოდის სახლისთვის ტრადიციული ბარის მაგვარი სილუეტები მაინც ჩანდა.

იხილეთ კოლექცია: