8 ივლისს, 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის ოტ კუტიურ მოდის კვირეულის ბოლო დღეს, რომში Valentino-ს ჩვენება გაიმართა. იტალიური მოდის სახლის კრეატიული დირექტორის, პიერპაოლო პიჩოლის, ბოლო ნამუშევრები მოდელებმა “ესპანურ კიბეზე” წარადგინეს. პრეზენტაციას არაერთი ცნობილი სახე დაესწრო, მათ შორის: ქეით ჰადსონი, ენ ჰეთეუეი და ნაომი ქემბელი. გარშემო საზეიმო განწყობა სუფევდა, თუმცა, WWD-ის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩვენების ამ ადგილას გამართვის გადაწყვეტილებით Dior-ის მოდის სახლი უკმაყოფილო დარჩა.
ფრანგული ბრენდი Valentino-სგან 15 დღის განმავლობაში 100,000 ევროს გადახდას მოითხოვს. მიზეზი შოუს გამო მიმდებარე ტერიოტორიაზე მდებარე Dior-ის მაღაზიის მუშაობის შეფერხებაა. კომპენსაციის მიღების მოთხოვნით Valentino-ს წერილი Christian Dior Italia-ს რითეილ მენეჯერის მიერ გაეგზავნა.

Dior-ის წერილის მიხედვით, Valentino “ესპანურ კიბეზე” ჩვენების გამართვის ნებართვას პოლიციისგან და სხვადასხვა უფლებამოსილი პირებისგან თვეების განმავლობაში ითხოვდა, საცალო მოვაჭრეებისთვის 27 ივნისს გაგზავნილ წერილში კი აღნიშნავდა, რომ მაღაზიებში “გარანტირებული იქნებოდა მომხმარებლების რეგულარული მიმოსვლა.” Dior-ის უკმაყოფილება გამოიწვია ფაქტმა, რომ ჩვენების დღეს აღნიშნული პირობა არ შესრულდა, მაღაზია ცარიელი დარჩა და პარასკევ დღეს, როცა მაღაზიის მიღებული შემოსავლის თანხა “მნიშვნელოვან” ოდენობას აღწევს, “შუადღის საათებიდან მუშაობა ვერ შეძლო.”

Valentino © Jacopo Raule/Getty Images
თუ 15 დღის ვადაში Valentino დასახელებულ თანხას არ გადაიხდის, Dior-ის მოდის სახლი “თავისი უფლებების დასაცავად ყველა საჭირო ბერკეტს გამოიყენებს.” აღსანიშნავია, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სხვა მაღაზიებს Valentino-ს მიმართ არავითარი პრეტენზია არ გამოუხატავთ.