კიმ ჯონსის დიორისთვის შექმნილი მამაკაცის კოლექციის ჩვენებების წინ არამარტო ის გვაინტერესებს თუ რას გვთავაზობს დიზაინერი მიმდინარე სეზონზე, არამედ ისიც თუ რომელ არტისტთან ითანამშრომლა მან ამჯერად. Amoako Boafo-ს და Kenny Scharf-ის შემდეგ, ჯონსი თავის მორიგ კოლექციას Peter Doig-თან კოლაბორაციით ქმნის.
შოტლანდიელი მხატვარი პიტერ დოიგი დიორის „ყოველდღიურობის ცერემონიით“ შთაგონებული კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილია. ის ინტენსიურად იყო ჩართული მის შექმნაში და კიმთან ერთად დიდ დროს ატარებდა მოდის სახლის სტუდიაში. Vogue-სთან ჯონსი იხსენებს, რომ მას არტისტი ქუდების ლეგენდარულმა დიზაინერმა სტეფან ჯონსმა გააცნო და ამბობს:
„პიტერი Central Saint Martins-ში სტეფან ჯონსთან ერთად სწავლობდა და ყველა იმ ადამიანს იცნობდა, ვინც ასე ძალიან მაინტერესებდა — Leigh Bowery-ის, Trojan-ს, იმ პერიოდის ლონდონის კლუბში მოსიარულე ბავშვებს.“
კიმ ჯონსის დიორს ოტ კუტიურ ტრადიციასთან მჭიდრო კავშირიც გამოარჩევს, რაც მამაკაცის კოლექციებისთვის ასეთი უჩვეულოა და ეს კოლექციაში პირველივე ლუქიდან გამოვლინდა. მამაკაცის სამოსში ხელახლა ინტერპრეტირებული დიორის არქივები არაჩვეულებრივ შედეგს იძლევა. „ეს ჟაკეტი სიგიჟეა. როგორ შეუძლია ვინმეს ასეთი რამ შექმნას? მართლა ხელოვნების ნიმუშია. ის მშვენიერია,“ – ამბობს მოდელი, რომელმაც პოდიუმზე სამოციან წლებში დიორის მოდის სახლისთვის მარკ ბოჰანის შექმნილი ოტ კუტიურ კაბა Rosella-ს ხელახალი ინტერპრეტაცია წარადგინა. კაბის მოტივებზე შექმნილი მამაკაცის ეს სამოსი ზუსტად იმეორებს მდიდრულ ნაქარგებს, თუმცა თეთრი აბრეშუმის ნაცვლად, ჯონსის შერჩეული ქსოვილი შავი ქაშმირია.
© Dior © Dior

კოლექციაში წარმოდგენილ სამკაულებს და ქამრებს დოიგის შექმნილი ლომის სკულპტურა ამკობს. გამოყენებული ფერთა პალიტრა ეხმიანება მის შემოქმედებასაც. უმეტესი დეტალი შექმნილია მისი ტილოების შთაგონებით. პიტერის ხელით არის მოხატული სტეფან ჯონსის შოუსთვის შექმნილი ქუდები.
„მისი ნამუშევრები ავტობიოგრაფიულია. მის დახატულ მამაკაცებს, მოთხილამურეებს, ჰოკეისტებს და ღამის ცას ვუყურებდით. მგონია, რომ ის მოხიბლული იყო თუ როგორ ზედმიწევნით შეგვეძლო ფუნჯით შესრულებული მისი ნამუშევრების ქსოვილებზე გამეორება.“
კიმ ჯონსი პიტერ დოიგზე
ჯონსი და დოიგი თავიანთი თანამშრომლობის ფარგლებში მხოლოდ კოლექციით არ შემოიფარგლნენ: ციფრული ჩვენების გარემოს შექმნაზეც მათ ერთობლივად იზრუნეს და ლურჯი ცის ინსტალაცია შექმნეს.
ჩვენების ჩანაწერი
შეგახსენებთ, 27 იანვარს პარიზის ოტ კუტიურ მოდის კვირეულის ფარგლებში კიმ ჯონსის ფენდისთვის შექმნილი პირველი კოლექციის ჩვენებაა დაგეგმილი. ჯონსი ფენდის შემოქმედებით ხელმძღვანელად სექტემბერში დასახელდა და დიორისგან განსხვავებით, იტალიურ მოდის სახლში მას ქალის კოლექციებზე მოუწევს მუშაობა.