მიუხედავად იმისა, რომ მოდაში კოლაბორაციების ფენომენმა პიკს უკვე მიაღწია და ამის შესახებ აქტიური საუბარი სწორედ ახლა მიმდინარეობს, ფრანგული მოდის სახლი, Dior ახალ კოლექციას ამერიკელ რეპერთან, ტრევის სკოტთან თანამშრომლობით გვთავაზობს. გარდა იმისა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა დიორის ისტორიაში, როდესაც მოდის სახლისთვის სრული კოლექციის შექმნაში მონაწილეობა მუსიკოსმა მიიღო, გუშინ გამართული ჩვენება აგრეთვე გახლავთ ბრენდის პირველი ფიზიკური შოუ პარიზში პანდემიის გამოცხადებიდან 18 თვის თავზე.

“დიალოგი ორ მეგობარს, ორ კულტურას და ორ განსხვავებულ ერას შორის,” – ვკითხულობთ Dior-ის ოფიციალურ განცხადებაში. “ამერიკაში დიორის ერთ-ერთი საყვარელი ადგილი ტექსასი იყო, ლოს-ანჯელესზე მეტადაც უყვარდა, აქედან გაჩნდა ტრევისთან თანამშრომლობის იდეა, ის ჰიუსტონში, ტექსასში დაიბადა, ” – განმარტავს ბრენდის მამაკაცის ხაზის შემოქმედებითი დირექტორი, კიმ ჯონსი.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჯონსი Louis Vuitton -ის კრეატიული ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა, ის განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა არტისტებთან და განსხვავებული ესთეტიკის მქონე ბრენდებთან კოლაბორაციაში. სწორედ მისი ინიციატივით, გასულ ათწლეულში, შედგა Louis Vuitton -ის და Supreme -ს გლობალურად აღიარებული თანამშრომლობა.

სკოტის პიროვნება და ამერიკული ფესვები გამოიკვეთა როგორც სეტ-დიზაინში, აგრეთვე პრინტებში, საუნდტრეკში და დიორის კლასიკურ საკულტო მონოგრამაშიც. პოდიუმი გაფორმებული იყო კაქტუსით, მზისგან გაყვითლებული კლდეები კი, ამერიკული უდაბნოს ილუზიას ქმნიდა. “კაქტუს ჯეკი” ტრევისის მეტსახელი და მისი ხმისჩამწერი სტუდიის სახელწოდებაა. კაქტუსს, როგორც რეპესის “ლეიბლის” საფირმო ნიშანს და მეტსახელს, ხშირად ვხედავთ მის სხვადასხვა პროექტებში. გამონაკლისი არც დიორის კოლექცია აღმოჩნდა.

კოლაბორაციის ფარგლებში, ფრანგულმა ბრენდმა Christian Dior -ის კლასიკური მონოგრამა “კაქტუს ჯეკის” ინიციალებით განაახლა. ინიციალებთან ერთად, კოლექციაში წარმოდგენილი იყო ტრევისის ილუსტრაციებიც.

მიუხედავად ამერიკელი რეპერის აქტიური ჩართულობისა, კოლექციას არ დაუკარგავს კიმ ჯონსის ხელწერა – მდიდრული, თუმცა ტრენდული და ძალიან ფერადი.

Dior Men – გაზაფხული/ზაფხული 2022.