
ამერიკული რეპის ლეგენდას, თუფაქ შაკურს Denim Tears და Our Legacy საერთო კოლექციას მიუძღვნის სახელწოდებით “Tucap Tears Legacy”. ქუჩის სტილის ცნობილი ბრენდები ამ ნაბიჯით “თუფაქის მემკვიდრეობას მიაგებენ პატივს”, რომელიც Shakur Estate-თან მუშაობით შეიქმნება. კოლექციის შთაგონება თავად რეპერის სტილი და ჰიპ-ჰოპის ჟანრია.
“როგორც ტაკაჰირო მიიაშიტამ შექმნა კოლექციები კურტ კობეინისა და აქსელ როუზის შთაგონებით, ისევე ჩვენ გვსურს პატივი მივაგოთ თუფაქის ხსოვნას და მის მემკვიდრეობას,” აღნიშნა Denim Tears-ის დამფუძნებელმა, თრემაინ ემორიმ, “Our Legacy კი იდეალური პარტნიორია აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, რადგან ჩვენი სიყვარული მუსიკისა და სტილისადმი ერთმანეთს ზუსტად ემთხვევა.”

კოლექცია თუფაქის სტილით შთაგონებული მრავალასპექტიანი ნივთებისგან შედგება, მათ შორისაა კლასიკად ქცეული Levi’s 501-ის მსგავსი ჯინსის შარვლები, დენიმის ჟაკეთები, ველვეტის ჟილეტები, ჯერსის მაისურები, ტყავის სეტები და პრინტიანი პერანგები. კოლექციაში იხილავთ ასევე მაისურებს თუფაქის ფროდაქშენ-კომპანიის, Euphanasia-ს ლოგოთი, რომელიც მან გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დააარსა.
“კოლაბორაცია მუსიკის ავთენტურობის, ამბოხებისა და ძალაუფლების სიმბოლოა,” ვკითხულობთ ბრენდების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, “თუფაქის გამორჩეული იდენტობა, მუსიკის გარდა, ყველაზე მეტად მის სტილში იგრძნობოდა და მის ჩაცმულობას ჰქონდა გავლენა სხვადასხვა ხელოვანებსა და დიზაინერებზე.”

Denim Tears-სა და Our Legacy-ს შორის ეს პირველი კოლაბორაცია არ არის, გასულ შემოდგომაზე ორმა ბრენდმა კოლექციაზე Stüssy-სთან ერთად იმუშავა. ემორის ასევე ნამუშევარი აქვს დიორში კიმ ჯონსთან ერთად, კერძოდ ბრენდის Pre-Fall 2023 წლის კოლექციაზე, რომელსაც “Dior Tears” ეწოდა.
თუფაქით შთაგონებული კოლექცია გაყიდვაში 25 აპრილს გამოვა, როგორც ორივე ბრენდის საიტებზე, ასევე Dover Street Market-ის სხვადასხვა ლოკაციებზე.