2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში არაერთი დასამახსოვრებელი მომენტის მოწმეები გავხდით. ერთი კვირის განმავლობაში დიზაინერებმა თავიანთი უჩვეულო ფანტაზიები რეალობად აქციეს და ახლად შეფუთული კარგად ნაცნობი ძველი შემოგვთავაზეს. სახელგანთქმული მოდის სახლების ჩვენებები წარსულს ეხმიანებოდა, რაც ნოსტალგიის განცდას ბადებდა. კოლექციები იყო ჩაცმადი, მინიმალისტური, სექსუალური, თამამი, ხშირად ერთმანეთისგან მკაფიოდ განსხვავებული.

Fendi-ს ახალი კოლექცია კიმ ჯონსმა რომზე ფიქრით შექმნა. ის ასევე კარლ ლაგერფელდის იტალიური მოდის სახლისთვის 1999 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე შექმნილ კოლექციასაც დაეყრდნო და როგორც აღნიშნა, უნდოდა, ყველაფერი “საკმაოდ გრაფიკული” ყოფილიყო. არაერთი გამოცემა იუწყება, რომ კოლექცია, რომელიც “ნიუ-იორკ თაიმსის” ვანესა ფრიდმანმა Fendi-სთვის მის საუკეთესო შეთავაზებად შეაფასა, შესაძლოა მისთვის ბოლო იყოს, თუმცა ოფიციალური განცხადება ამ ეტაპზე ჯერ არ გაკეთებულა. გავრცელებული ხმების თანახმად, ჯონსის შემცვლელად Gucci-ს ყოფილი კრეატიული დირექტორი ალესანდრო მიკელე მოიაზრება.

Fendi გაზაფხული/ზაფხული 2024 © Fendi

ბუმბულები ფაუსტო ფუიზის Roberto Cavalli-სთვის შექმნილ კოლექციაში ყველაზე თვალშისაცემი დეტალი იყო – ისინი ვიხილეთ როგორც პრინტების სახით, ისე ფიზიკური ფორმითაც. ფერთა მკაფიო პალიტრაში წარმოდგენილი ნამუშევრები ტროპიკული, თავისუფალი და 1970-იანი წლების სტილით შთაგონებული იყო. Diesel-ის შოუზე, რომელზე დასასწრები ბილეთების შეძენაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო, მოდელებმა გლენ მარტენსის ახალგაზრდული, რეივერების სულისკვეთების განსჭვალული და თამამი ნამუშევრები წვიმის ქვეშ წარადგინეს.

Prada-ს კოლექცია ტექნიკებსა და ხელობაზე იყო ორიენტირებული. “დამღალა იდეებზე საუბარმა – მოდით ტანსაცმელზე ვილაპარაკოთ,” – განუცხადა მიუჩია პრადამ Prada-ს ჩვენების შემდეგ კულისებში შეკრებილ ჟურნალისტებს. რაფ სიმონსთან ერთად მან რეფერენსები 1920-იანი, 1930-იანი, 1980-იანი და 1990-იანი წლებიდან მოიშველია. Blumarine-ს ნიკოლა ბრონიანომ გადაწყვიტა ამ სეზონზე უფრო მსუბუქი კოლექცია შემოეთავაზებინა, “მეტი პეპლებით.” მის მსგავსად, მეტი სიმსუბიქე სურდა მაქსიმილიან დევისსაც Ferragamo-ში. “მინდოდა ყველაფერი ბევრად მსუბუქი, სახალისო და ფერადი ყოფილიყო,” – აღნიშნა თავის კოლექციაზე საუბრისას, რომელიც ხელოვნების ელემენტებით სრულყო.

წელს 40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ფრანკო მოსკინომ დააარსა ბრენდი, რომლის სახელიც დღეს უამრავმა ადამიანმა იცის – Moschino-ს ისტორია 1983 წელს მილანში დაიწყო. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში იტალიურმა ბრენდი სპეციალური ჩვენებას მოაწყო, რომლის უმთავრეს მიზანსაც ფრანკოს “გასაოცარი მიღწევებისთვის” და “მარადიული მემკვიდრეობისთვის” პატივის მიგება წარმოადგენდა. ეს ასევე იყო პირველი ჩვენება, რომელიც კრეატიული დირექტორის, ჯერემი სკოტის, Moschino-დან წასვლის შემდეგ გაიმართა. ახალი კოლექციის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მოდის ინდუსტრიის გავლენიანმა სტილისტებმა: კარლინ სერფ დე დუძელმა, ქეითი გრანდმა, გაბრიელა ქარეფა-ჯონსონმა და ლუსია ლიუმ. თითოეულმა ფრანკოს შემოქმედებით შთაგონებული 10 თანამედროვე ლუქი შექმნა.

Moschino გაზაფხული/ზაფხული 2024 © The Impression

როგორც 1990-იან წლებში, სტეფანო გაბანა და დომენიკო დოლჩე Dolce & Gabbana-სთვის კვლავ ქალის თეთრეულზე კონცენტრირდნენ და პოდიუმზე სექსუალური ლუქები შესთავაზეს თავანთ აუდიტორიას. დონატელა ვერსაჩე Versace-სთვის თავისი ძმის, ჯანის, 1995 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციას დაეყრდნო, რომელიც, მისი თქმით, “ახლებურად და თანამედროვედ” გამოიყურება. Jil Sander-ის ლუკ და ლუსი მეიერების ახალი კოლექცია ფორმების შესწავლაზე იყო ორიენტირებული და ნაკლებად ეფუძნებოდა იმ მინიმალიზმს, რითაც ამ ბრენდმა გაითქვა სახელი. მეთიუ ბლაზიმ კი თავისი ტრილოგიის შემდეგ უკვე მთელი მსოფლიოს კულტურული რეფერენსები მოიშველია და Bottega Veneta-სთვის მორიგი შესანიშნავი კოლექცია შექმნა, რომელიც, რა თქმა უნდა, ასევე მოიცავდა პრემიუმ მასალებით დამზადებულ ჩვეულებრივ სილუეტებს და ახალ საუცხოო აქსესუარებს.

ჩვენება, რომელსაც მილანში ამ სეზონზე ყველაზე მეტად ელოდნენ, იყო საბატო დე სარნოს დებიუტი Gucci-ში. მისი მინიმალისტური ხედვა რადიკალურად განსხვავდებოდა თავისი წინამორბედის, ალესანდრო მიკელეს, მაქსიმალიზმისგან. კოლექციას მან “Ancora” უწოდა, რაც ითარგმნება, როგორც – “ისევ” და როგორც თავისი პირველი ჩვენებით დაგვანახა, მისი Gucci ახალგაზრდულია, ყოველდღიურობას ერგება, თანაც ჩუმ ელეგანტურობას მოიზარებს და მოდის სახლის კოდებსაც ეფუძნება. დე სარნოს წითელი Gucci-ს არქივიდან უკვე იქცა ბრენდის ხელწერად ამ ახალ თავში.

Gucci გაზაფხული/ზაფხული 2024 © The Impression

კიდევ ერთი ხმაურიანი დებიუტი პიტერ ჰოკინგსის სახელს უკავშირდება. Tom Ford-ისთვის მან გასაოცრად შეძლო ტომ ფორდის დღემდე შთამბეჭდავი ჰიტების დღევანდელობაში თავისი ხედვით გადმოცემა და საკუთარი თავის რწმენის შედეგად, მათთვის ახალი ხიბლის შემატება. ეს იყო ტომ ფორდის დაბრუნება ტომ ფორდის გარეშე, რაზეც პასუხსმგებელია ადამიანი, რომელიც მასთან 25 წლის განმავლობაში მუშაობდა.


Tags :