Proenza Schouler-მა ახალი კამპანია გამოაქვეყნა, რომელიც ქართველმა ფოტოგრაფმა დავით გიორგაძემ გადაიღო. მასში მონაწილეობას იღებს ტოპ მოდელი ქენდალ ჯენერი, რომელიც რეკლამას უწევს მოდის სახლის 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციას.

გადაღებაზე სტილისტად კამილა ნიკერსონმა იმუშავა. ქენდალის თმის სტილზე გუიდო პალაუმ იზრუნა, მაკიაჟზე კი – ჯამალ სკოტმა.

დავითი უკვე რამდენიმე წელია საზღვარგარეთ წარმატებით საქმიანობს. მის პორტფოლიოში ისეთ ბრენდებს ვხვდებით, როგორებიცაა: Prada, Jil Sander, Loewe, Mugler, Burberry და ა.შ. მას გადაღებული ჰყავს მოდის და ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენელი არაერთი ცნობილი სახე, მათ შორის: მოდელი ბელა ჰადიდი, დიზაინერი სტეფანო პილატი, მუსიკოსი ბილი აილიში, მსახიობი იზაბელ იუპერი და სხვები. ქართველ ფოტოგრაფს 2003 წელს დაარსებული სააგენტო Total Management წარმოადგენს.

“მოდის ფოტოგრაფია არის შესაძლებლობა, რომელსაც აქვს ყველანაირი გამოხატვის საშუალება,” – ამბობს დავითი 2021 წელს ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში. “ჩემი აზრით, ძალიან დიდი ცოდნაა საჭირო იმ პროდუქტის ან პერსონაჟის შესახებ, რასაც დოკუმენტირებას ვუკეთებთ. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიის და იმის ცოდნა თუ რა გაქვს სათქმელი, როგორც ინდივიდუალს, ამ თემაზე. უბრალოდ ლამაზი ფოტო ან ტექნიკურად გამართული კადრი არ არის მოდის ფოტოგრაფია, რადგან მხოლოდ ტექნიკური ცოდნა ფოტოს უფრო დეკორატიულ და ნაკლებად რელევანტურს ხდის.”

Tags :