მოდის თვის მეორე ქალაქი ნიუ-იორკის შემდეგ, ტრადიციულად, ლონდონია, სადაც დევიდ კომა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხშირად განხილვადი ბრენდია. 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონი დევიდისთვის განსაკუთრებული პირადი და კარიერული მიზეზების გამო გახდა. “მას შემდეგ, რაც ლონდონში 20 წელი ვიცხოვრე, გადავწყვიტე ბრიტანეთის მოქალაქე გავხდე”, თქვა დიზაინერმა ბრიტანულ ვოგთან საუბრისას, და აქვე აღნიშნა, რომ ეს კოლექცია მის მიერ დანახულ ბრიტანულ კულტურას გადმოსცემს. დევიდის თქმით, რაგბი და ფეხბურთი ბრიტანული კულტურის გულია, თუმცა სპორტის გარდა კოლექციის შთაგონებად ბრიტანული ტრადიციული ტარტანი და სამეფო ოჯახის ძვირფასეულობებიცაა.

დევიდმა ვოგთან საუბარში ფეხსაცმლის ხაზი დააანონსა, როგორც აღმოჩნდა, ამაზე დიზაინერი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა 2022 წლის შემოდგომა/ზამთარი ხაზის დაანონსებისთვისა და გაყიდვაში ჩაშვებისთვის იდეალური მომენტია. “ეს საკმაოდ დიდი ნაბიჯია. სელებრითი კლიენტები რეგულარულად მთხოვდნენ ფეხსაცმელს მათი ლუქებისთვის, ასე რომ ჩემი მხრიდან უბრალოდ აუცილებელი იყო მოთხოვნისამებრ მუშაობა. ძალიან მიხარია ჩემი ბრენდის გაფართოვება,” ამბობს დიზაინერი.

ახალი კოლექციის სრულად სანახავად მიჰყევით ლინკს – David Koma 2022