ცოტა ხნის წინ თქვენი ყურადღება შესაძლოა თბილისში მდებარე რამდენიმე შენობამ განსაკუთრებით მიიპყრო, როდესაც ისინი უჩვეულოდ განათებული ნახეთ. ან შეიძლება სოციალურ ქსელებში მოგვიანებით შეგხვდათ იმ ნაგებობების კადრები, რომლებიც ერთ მნიშვნელოვან მესიჯს გადმოსცემდა: Culture Is Not Cancelled.

კორონავირუსის პანდემიის მიზეზით გაუქმდა კულტურული ღონისძიებები, დაიხურა ორგანიზაციები, უმოქმედოდ დარჩა კრეატიული სამუშაო სივრცეებიც. საერთო ჯამში, თავად კულტურა აღმოჩნდა მიმდინარე მოვლენების მსხვერპლი. სწორედ ამ ფაქტს გამოეხმაურა ჩვენი ქალაქიც.
Culture Is Not Cancelled – ამ ფრაზის წაკითხვის შემდეგ, ალბათ, გაგიჩნდათ აზრი, რომ ეს მართლაც ასეა და ასეც უნდა იყოს, რადგან კულტურის გარეშე შეუძლებელია სრულფასოვანი ცხოვრება და განვითარება. ეს არის მესიჯი, რომელიც სათქმელს პირდაპირ ამბობს, მაგრამ მას კიდევ უფრო დიდი დატვირთვა აქვს. ეს შემოქმედებითი საზოგადოების წევრების მიმართ თანამშრომლობისა და სოლიდარობის მოწოდებაა.
ინიციატივა ლონდონში მოღვაწე სამხატვრო ხელმძღვანელ Zak Kyes-ს ეკუთვნის და განხორციელებულია Zak Group-ის მიერ. პროექტში მასთან ერთად ჩართულები არიან: AnOther, Annika Thiems, Asel Tambay, Dinamo, Jefferson Hack, Jörg Koch, Sebastian Brown.
საქართველოდან პროექტს უკვე შეურთდნენ: Mercedes-Benz Fashion Week TBILISI, LUMEN, IPS.
Culture Is Not Cancelled კამპანია მიმართულია იმ შემოქმედების მხარდაჭერისკენ, რომელთა პროექტებიც COVID-19-თან დაკავშირებული კრიზისის გამო გაუქმდა ან გადაიდო. ნუ დაგვავიწყდება, რომ არსებული რეალობა ძალიან ბევრს უქმნის საფრთხეს. ორი აზრი არ არსებობს: კულტურის განვითარებას ხელშეწყობა სჭირდება, ამ მესიჯის გამოყენებით კი სხვადასხვა ინსტიტუციებს და კულტურის წარმომადგენლებს შეუძლიათ COVID-19-ის გამოწვევებზე სასარგებლო რეაგირება მოახდინონ.