ნიკოლა დი ფელისის ხელმძღვანელობით, Courrèges მამაკაცის სამოსის მოდის კვირეულს უბრუნდება. სიახლე ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ცნობილია, რომ ჩვენება 23 ივნისს, პარიზში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ მამაკაცის უახლეს კოლექციასთან ერთად, ბრენდის ახალი შემოქმედებითი დირექტორი ქალის Resort ტანისამოსსაც წარადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ მოდის დედაქალაქში ზაფხულში დაგეგმილი კვირეულებისთვის, შეზღუდვების დიდი ნაწილი გაუქმდა, ან მნიშვნელოვნად შემსუბუქდა, ბრენდი არ აპირებს ჩვენებაზე დამსწრე საზოგადოების მიწვევას.

ნიკოლა დი ფელისი ბელგიელი დიზაინერია, რომელმაც ბრიუსელში La Cambre – ს სასწავლებელი დაამთავრა. ის ნიკოლა ჟესქიერის დაქვემდებარების ქვეშ, ლუი ვიტონსა და ბალენსიაგაში მუშაბდა. სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს დიორშიც, რაფ სიმონსის კრეატიული დირექტორობის დროს. ბელგიელი Courrèges – ის შემოქმედებით დირექტორად 2020 წლის სექტემბერში დასახელდა და პირველი კოლექცია მარტში, ციფრულ მოდის კვირეულზე წარადგინა. მიუხედავად სირთულეებისა, 39 ლუქისგან შემდგარი კოლექცია, რომელიც 3 მარტს, ბელგიელმა დიზაინერმა წარადგინა, პარიზის მოდის კვირეულის ერთ-ერთ ყველაზე გონივრულ ნამუშევრად შეფასდა. გამომდინარე აქედან, გუშინ გავრცელებული სიახლე, საერთაშორისო პრესაში და ზოგადად, ინდუსტრიაში, ინტერესს და მღელვარებას ბუნებრივად აჩენს.

ივნისში, პარიზის მამაკაცის სამოსის მოდის კვირეულზე, ნიკოლა არ იქნება ერთადერთი ახალბედა დიზაინერი. როგორც მოდის პრესის წამყვანი გამოცემები წერენ, კვირეულს ასევე შეუერთდებიან დამწყები ბრენდები და დიზაინერები ევროპიდან და კანადიდან, მათ შორის არიან: Georges Wendell, Gravalot, Jan-Jan Van Essche და ა.შ.