
რიკ ოუენსსა და Converse-ს შორის თანამშრომლობა კიდევ ერთხელ შედგა. ამჯერად Converse x Rick Owens DRKSHDW თავის მომხმარებლებს TURBODRK Chuck 70-ის განახლებულ მოდელებს სთავაზობს, რომელთა გამოშვებაც 16 მაისს იგეგმება.
გახმაურებული კოლაბორაციის მორიგ ეტაპზე შექმნილი სნიქერები თასმების გარეშე არის წარმოდგენილი, წარსულში ერთობლივად გამოშვებული მოდელებისგან მთავარ განმასხვავებელ ნიშანსაც სწორედ ეს დეტალი წარმოადგენს. თუმცა ფეხსაცმელებს შენარჩუნებული აქვს კვადრატული ძირი და დაგრძელებული ენა. ისინი ორ ახალ ფერში გვხვდება – “Dust” და “Hot Pink,” რაც იმას ნიშნავს, რომ Barbiecore ტრენდის განხილვისას შეგვიძლია “სიბნელის ლორდად” წოდებული დიზაინერიც ვახსენოთ.
Converse x Rick Owens DRKSHDW-ს ახალ სნიქერებს რეკლამას უწევს კანადელი მუსიკოსი – Peaches. სასურველი წყვილის შეძენა შესაძლებელი იქნება Rick Owens-ის და Converse-ის ვებ-გვერდებსა და მაღაზიებში, ასევე შერჩეულ საცალო მოვაჭრეებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით.


© Converse
2021 წელს, როდესაც რიკსა და Converse-ს თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ამერიკელმა დიზაინერმა WWD-ს განუცხადა, რომ სნიქერები არასდროს მოსწონდა და მათ ჩაცმაზე უარს ამბობდა, თუმცა მას განსხვავებული დამოკიდებულება გაუჩნდა Converse-ის Chuck Taylors-ის მიმართ, როცა ის პირველად პანკ-როკ ბენდის, The Ramones-ის, წევრების სტილთან სინთეზში იხილა. წლების განმავლობაში Converse-ის საკულტო დიზაინის მოტივები მის შემოქმედებაში არაერთხელ გვინახავს, რასაც თავად დიზაინერმაც გაუსვა ხაზი: “Converse-ს რეფერენსად წლების განმავლობაში ვიყენებდი, ამიტომ როცა თანამშრომლობა შემომთავაზეს, ვიცოდი, რომ ამის გაკეთება კარგი და ბუნებრივი იქნებოდა.”