2005 წლის მარტში Comme des Garçons-ის ჩვენებაზე ქორწინების ტრადიციულმა ცერემონიამ განსხვავებული სახე შეიძინა. პოდიუმზე ერთმანეთის მიყოლებით წარსდგენ პატარძლები, რომელთა სახეებიც თეთრად იყო შეღებილი. მათი იერ-სახე რომანტიკული და ბნელი იყო, თითოეულ მათგანს თავზე დადგმული ყვავილების გვირგვინი და გრძელი, ძველებური მაქმანებიანი ფატა ამშვენებდა. რუშების თუ მაქმანების სიუხვით, ისტორიული სილუეტების გამოყენებით, ნამუშევრები ვიქტორიანულ ეპოქას ეხმიანებოდა, შავი თეთრს ანაცვლებდა, პატარძლები კი იდუმალ აურას აფრქვევდნენ.

კულისებში რეი კავაკუბომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შოუს თემა „ანტიკონსერვატიზმი“ იყო. როგორც ყოველთვის, არსებულთან შეწინააღმდეგება, დადგენილი ნორმების გამოწვევა იაპონელმა დიზაინერმა ამ შემთხვევაშიც უმშვენიერესი ფორმით შეძლო. მან კოლექციას „Broken Bride“ უწოდა.

© Livingly

ამ პოეტური პრეზენტაციის სრულყოფაში და „Broken Bride“-ის იმიჯის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის პატ მაკგრათის ოსტატობით შესრულებულ მაკიაჟს და ჯულიენ დ’ისის გაკეთებულ თმის ვარცხნილობებს.

„მრავალი სახის ქორწინება არსებობს. როგორც წესი, ქორწინება “კავშირის დამყარებასთან” ასოცირდება და კონსერვატორულია; ეს კოლექცია ანტი-კონსერვატორულია და საშუალებას იძლევა იყო თავისუფალი. ასევე წარმოაჩენს თუ როგორი შეიძლება იყოს ქორწინება,“ – აღნიშნული იყო ჩვენების ჩანაწერებში.

© Livingly

Comme des Garçons-ის პატარძალი დრამატული სილამაზით გამოირჩევა, ის „გატეხილია“ და თავისი წესებით მოქმედებას ირჩევს. 

ჩვენების ჩანაწერი