აპრილის შუა რიცხვებში, მუსიკალური ფესტივალების მოყვარულები კალიფორნიაში, Coachella-ს ფესტივალზე იყრიან თავს. მიუხედავად იმისა, რომ Coachella არ არის ყველაზე ძველი და საკულტო ფესტივალი, დროთა განმავლობაში, ის თანამედროვე კულტურის ყველაზე მასშტაბურ და გახმაურებულ მუსიკალურ ფესტივალად ნამდვილად იქცა.  2012 წელს ფესტივალმა იმდენად ბევრი ადამიანი მოიზიდა, რომ ის ორ კვირაზე გადანაწილდა. მას მერე, Coachella ყოველ წელს, აპრილში სხვადასხვა კვირაში, ორჯერ იმართება. მართალია, Coachella მუსიკალური ფესტივალია, მაგრამ გასული ათწლეულში მან სახელი ბოჰემური სტილის თავისუფალი კაბებით, ყვავილების პრინტიანი და ნათელი ფერის ტანსაცმლით გაითქვა. ფესტივალს არაერთი ცნობილი ადამიანი ესწრება – მომღერლები, მოდელები, მსახიობები – ისინი განსხვავებულ და გამორჩეულ ლუქებს გვთავაზობენ. გამომდინარე აქედან, არავისთვის იქნება სიახლე, თუ ვიტყვით, რომ Coachella-მ მნიშვნელობა მოდის ინდუსტრიაშიც შეიძინა.

Doja Cat-ის პერფორმანსი 2024 წლის Coachella -ზე

წელს, Coachella საერთაშორისო პრესის ყურადღების ცენტრში არა მხოლოდ მუსიკალური პერფორმანსებით მოექცა. მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალის ჰედლაინერებად Doja Cat, Tyler, the Creator და Lana Del Rey დასახელდნენ, ხოლო მონაწილე არტისტებს შორის არიან: Ice Spice, J Balvin, Jon Batiste, Grimes და სხვები, ღონისძიების ბილეთები სრულად არ გაიყიდა. ამერიკული Billboard -ის ცნობით, 250,000 ბილეთიდან გაიყიდა 200,000.

2024 წლის Coachella -ს პირველი კვირა დაიწყო ისე რომ ბილეთების 100% გაყიდული არ იყო. პროცენტულად, ფესტივალის გაყიდვები 14%-17%-ით შემცირდა, რაც შეშფოთების საფუძველს იძლევა. წარსულში, პირველი კვირის ბილეთები გასაყიდად განთავსებიდან, რამდენიმე საათში, სრულად იყიდებოდა. გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, საერთაშორისო პრესაში გაჟღერდა არაერთი სკეპტიკური მოსაზრება, იმის შესახებ, რომ Coachella -ს, როგორც თანამედროვე კულტურისა და მუსიკის უდიდესი მოვლენის, დასასრულის დასაწყისის მომსწრე ვართ. თუმცა ჯერ-ჯერობით გადაჭრით თქმა მაინც რთულია. არასრულად გაყიდული ბილეთებით და ციფრებით, Coachella კვლავ არის კომერციულად ყველაზე წარმატებული მუსიკალური ფესტივალი.