ფესტივალები თანამედროვე მუსიკალური სამყაროსა და პოპკულტურის განუყოფელი ნაწილია. მათზე დასწრება თაობებისათვის ერთგვარ რიტუალადაც იქცა და დროთა განმავლობაში, გაჩნდა ისეთი ფენომენი, როგორიც არის საფესტივალო მოდა, ან თუნდაც საფესტივალო მაკიაჟი. ბოლო ორი წელია, რაც პანდემიის გამო, ხალხმრავალი ღონისძიებები ან გაუქმდა, ან ნაკლები მასშტაბებით ტარდება. თუმცა, საბოლოოდ მსოფლიო ცდილობს ვირუსთან ერთად უსაფრთხოდ თანაცხოვრება ისწავლოს და შესაბამისად, ეს პლატფორმები დამსწრე აუდიტორიისათვის კარს კვლავ ხსნიან. 13 იანვარს, თანამედროვე მუსიკალურ სამყაროში ყველაზე გავლენიანმა ფესტივალმა – Coachella-მ ლაინაფი გამოაქვეყნა.
2022 წლის Coachella-ს მუსიკალური განრიგი ტრადიციულად ვრცელია. ჰედლაინერებად კი, ორგანიზატორებმა ჰარი სტაილსი, ბილი აილიში და Ye (ქანიე ვესტი) დაასახელეს. ფესტივალზე ერთ-ერთი მთავარი გამომსვლელის სტატუსით ასევე წასრდგება ცნობილი შვედური ჯგუფი – Swedish House Mafia.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის კოაჩელაზე ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ ტრევის სკოტიც განიხილებოდა, თუმცა, ნოემბერში, არტისტის მუსიკალურ შოუზე მომხდარი ტრაგედიის გამო, ფესტივალის ორგანიზატორებმა მასთან თანამშრომლობა შეწყვიტეს. რაც შეეხება 2022 წლის Coachella-ს ჩატარების თარიღებს, მუსიკალური ფესტივალი 15-17 და 22-24 აპრილს გაიმართება.