Coach – ის ახალი Mickey Mouse x Keith Haring კაფსულა კოლექცია
Coach ახალ კაფსულა კოლექციას უშვებს, რომელიც Disney-ის საკულტო გმირით – Mickey Mouse-ით და ამერიკული პოპ-არტის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული წარმომაგენლის, Keith Haring-ით არის შთაგონებული.
კოლექციიდან ტანსაცმელსა და აქსესუარებზე წარმოდგენილია მიკი მაუსის ილუსტრაციები, რომლებიც ჰარინგმა ოთხმოციან წლებში შექმნა.
„ზოგჯერ საუკეთესო დიზაინი ყველაზე წარმოუდგენელი შეთავსებებით იბადება,“ – ამბობს ბრენდის შემოქმედებითი ხელმძღვანელი Stuart Vevers. „არ მახსენდება ჩემთვის სხვა უფრო სასიამოვნო კულტურული შეჯახება, ვიდრე Mickey Mouse და Keith Haring-ია.“
Burberry-ის ინიციატივით შექმნილი Marcus Rashford-ის ფრესკა
გასულ თვეში ფეხბურთელი Marcus Rashford და ბრიტანული ბრენდი Burberry საქველმოქმედო მიზნებისთვის გაერთიანდნენ და ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდასაჭერად და ბავშვების შიმშილობის დასრულების მიზნით მასშტაბური კამპანია წამოიწყეს.
ამჯერად რაშფორდის მშობლიურ ქალაქში, მანჩესტერში, თომასის ქუჩის 31 ნომერში, Burberry-ის ინიციატივით არტისტმა Jazz Grant-მა კამპანიის ფარგლებში გამოყენებული ფოტოს მიხედვით ფეხბურთელის ფრესკა შექმნა.

„მთავარი იყო ახალგაზრდების მხარდაჭერის და ერთობის განცდით რაღაც ამაღლებული, დადებითი და დინამიური შემექმნა,“ – განაცხადა არტისტმა. „მინდოდა, ამაღელვებელი ყოფილიყო, მაგრამ დახვეწილი ტექსტურები და ტონალობებიც გამომეყენებინა, რაც ამ გარემოცვაში გვხვდება, ამიტომ ის თავის გარემოს ერწყმის.“
Gucci პარტნიორობას Alibaba-ს Tmall-თან იწყებს
გამომდინარე იქიდან, რომ ფუფუნების ნაწარმის მომხმარებელთა შორის ჩინელების პროცენტულობა უფრო და უფრო იზრდება, გასული წლების განმავლობაში ჩინეთის ბაზარი მდიდრული ბრენდების აშკარა სამიზნე გახდა. ისინი მრავალი გზით ცდილობენ იქ ფეხის მოკიდებას და არაერთი საშუალებით აინტერესებენ ჩინელ მომხმარებლებს თავიანთი პროდუქციით.
ამჯერად ჩინურ ბაზარზე პოზიციების გამყარებისთვის მორიგ ნაბიჯს Gucci დგამს. იტალიური ბრენდი ორ flagship მაღაზიას Alibaba-ს მსხვილ ონლაინ შოპინგ პლატფორმა Tmall – ზე გახსნის.

Tmall Luxury Pavilion 2017 წელს შეიქმნა და მას შემდეგ მასზე 200 ბრენდის სხვადასხვა ნაწარმია განთავსებული დაწყებული ტანსაცმლით, დამთავრებული მაღალტექნოლოგიური მანქანებით.
პირველი მაღაზია, რომელიც ტანსაცმელს და აქსესუარებს გაყიდის 21 დეკემბერს გაიხსნება. ხოლო მეორე, კოსმეტიკურ საშუალებებზე კონცენტირებული მაღაზია თებერვლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას და გუჩის ლიცენზიით Coty-ის მიერ იქნება ოპერირებული.