ანდრე ლეონ ტალის მფლობელობაში არსებული ასობით ნივთი Christie’s აუქციონზე გაიყიდა. მათ შორის იყო ნახატები, ფოტოსურათები, დიზაინერული ნამუშევრები და ა.შ. მოდის ლეგენდარული ჟურნალისტის კოლექციის გაყიდვიდან მიღებულმა თანხამ ჯამში $3,55 მილიონი შეადგინა.

აუქციონი ფიზიკურ ფორმატში ოთხშაბათს ნიუ-იორკში ჩატარდა. ის ასევე გაიმართა დისტანციურად. ლაივ აუქციონზე ანდრეს პირადი საგანძურის გაყიდვიდან მიღებულმა თანხის ოდენობამ $1,387,827 შეადგინა, ონლაინ კი – $2,167,704.

კოლექციიდან ყველაზე მაღალ ფასად ენდი უორჰოლის ორი განსხვავებული ნახატი და Louis Vuitton-ის ჩემოდნების კომპლექტი გაიყიდა. თითოეული მათგანი ახალმა მფლობელებმა $94,500-ად შეიძინეს. იმ ნივთებს შორის, რომლებშიც ყველაზე დიდი თანხა გადაიხადეს ასევე მოხვდა: Dior-ის მოსაცმელი (გაიყიდა $40,320-ად), ბრედლი თეოდორის მიერ შექმნილი დიანა ვრილენდის პორტრეტი (გაიყიდა $40,320-ად), ტალის აკვარელით შესრულებული ჯანი ვერსაჩეს პორტრეტი (გაიყიდა $37,500-ად), Vivienne Westwood-ის მოსასხამი, წარწერით: “კლიმატის რევოლუცია” (გაიყიდა $32,760-ად).

დიანა ვრილენდის პორტრეტი

აუქციონზე გასაყიდად ასევე გამოტანილი იყო Norma Kamali-ის წითელი მოსაცმელი, რომლის მიმართაც ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ რიანამ მსგავსი ნამუშევარი Super Bowl Halftime Show-ზე მოირგო. გავრცელებული ინფორმაციით, მუსიკოსმა ამ ჟესტით ანდრეს მიმართ თავისი პატივისცემა გამოხატა. მასში $25,200 გადაიხადეს.

მიღებული შემოსავალი სრულად მოხმარდება ნიუ-იორკსა და დარემში მდებარე ორ ბაპტისტურ ეკლესიას. როგორც Christie’s-ის კერძო კოლექციების ხელმძღვანელმა ელიზაბეთ სეიგელმა განაცხადა, აუქციონმა კიდევ ერთხელ ცხადყო ტალის “ამაღლებული სტატუსი, რომელიც მოდის სამყაროში და მის მიღმა ჰქონდა.”