Richemont-მა Chloé-ს ახალი პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი წარადგინა. კომპანიაში აღნიშნულ როლს ლორან მალეკაზი შეითავსებს. ის რიკარდო ბელინის ჩაანაცვლებს, რომელიც ამ საქმეს ოთხი წლის განმავლობაში ასრულებდა.
“მეამაყება ზრდის, ტრანსფორმაციისა და წარმატებული შედეგების ოთხი საოცარი წელიწადი, მოდის სახლის მუდმივი განვითარება, ლიდერობა და მოწინავე როლი, რომელსაც დღეს Chloé მდგრადობის კუთხით თამაშობს,” – განაცხადა რიკარდომ, რომელიც Chloé-ს დეკემბრის ბოლოს დატოვებს.
წარსულში ლორანი Richemont-ის მფლობელობაში არსებულ AZ Factory-ს უძღვებოდა, რომელსაც საფუძველი დიზაინერმა ალბერ ელბაზმა ჩაუყარა. მანამდე ის Bain & Company-ის სტრატეგიული კონსულტანტი, შემდეგ კი ნიუ-იორკში დაფუძნებული მულტიბრენდული საცალო მოვაჭრის, The Webster-ის, გენერალური დირექტორი გახლდათ. ლორანის თქმით, საკულტო ფრანგული მოდის სახლის ხელმძღვანელობის შესაძლებლობა მისთვის დიდი პატივია და მოხარულია ახალი თავის ჩემენა კამალისთან ერთად დაწყება.

ლორან მალეკაზი © Richemont
ჩემენას Chloé-ს კრეატიული დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ცნობილი მიმდინარე წლის ოქტომბერში გახდა. ამ პოზიციაზე მან გაბრიელა ჰერსტი ჩაანაცვლა. გერმანიაში დაბადებულმა დიზაინერმა ლონდონის Central Saint Martins-ში სწავლის დასრულების შემდეგ კარიერა სწორედ Chloé-ში, ფიბი ფაილოს დიზაინ გუნდის წევრად დაიწყო. 2013 წელს ბრენდში კვლავ დაბრუნდა, იმჟამინდელ კრეატიულ დირექტორ კლერ უეით კელერთან სამუშაოდ. მას სამუშაო გამოცდილება ასევე მიღებული აქვს Saint Laurent-ში, როგორც დიზაინ დირექტორს, სადაც ენტონი ვაკარელოს დაქვემდებარების ქვეშ მუშაობდა. გარკვეული პერიოდი დაჰყო Alberta Ferretti-სა და Strenesse-ში, ბოლოს კი კონსულტაციას უწევდა ლოს ანჯელესში დაფუძნებულ თანამედროვე ბრენდ Frame-ს.
“გული ყოველთვის Chloé-სკენ მიმიწევდა. უკვე ოც წელზე მეტი გავიდა, რაც მის კარებში შევაბიჯე. დაბრუნება ძალიან ბუნებრივად და პირადულად მეჩვენება,” – აღნიშნა დიზაინერმა.
ჩემენას პირველ, 2024 წლის წინა-საშემოდგომო კოლექციას Chloé-სთვის იანვარში ვიხილავთ, რასაც სადებიუტო ჩვენება მოჰყვება, რომელიც თებერვალში გაიმართება.