თითქმის ორი კვირის შემდეგ, რაც გაბრიელა ჰერსტმა პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში Chloé-სთვის თავისი ბოლო კოლექცია წარადგინა, ფრანგულმა მოდის სახლმა მისი შემცვლელი დაასახელა. Chloé-ს კრეატიული დირექტორის პოზიციას ჩემენა კამალი დაიკავებს.

“[ჩემენას] ექსტრაორდინალური შემოქმედებითი ტალანტის, დიდი გამოცდილების, ბრენდის მემკვიდრეობასთან უნიკალური კავშირის და ღირებულებების დამსახურებით, ის ამ მოდის სახლისთვის ბუნებრივი არჩევანია,” – განაცხადა Chloé-ს პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა რიკარდო ბელინიმ. “მისი ხედვა, რომელიც ამ ბრენდის სიყვარულით არის შთაგონებული, ნამდვილად სათანადოდ წარმოაჩენს Chloé-ს უნიკალურ დნმ-ს… მიხარია, რომ ამის ხილვის შესაძლებლობა რეალობაში მექნება.”

კამალი 1981 წელს გერმანიაში დაიბადა. მას შემდეგ, რაც ლონდონის Central Saint Martins-ში სწავლა დაასრულა, კარიერა Chloé-ში, ფიბი ფაილოს დიზაინ გუნდის წევრად დაიწყო. 2013 წელს ბრენდში კვლავ დაბრუნდა, იმჟამინდელ კრეატიულ დირექტორ კლერ უეით კელერთან სამუშაოდ. მას სამუშაო გამოცდილება ასევე მიღებული აქვს Saint Laurent-ში, როგორც დიზაინ დირექტორს, სადაც ენტონი ვაკარელოს დაქვემდებარების ქვეშ მუშაობდა. გარკვეული პერიოდი დაჰყო Alberta Ferretti-სა და Strenesse-ში, ბოლოს კი კონსულტაციას უწევდა ლოს ანჯელესში დაფუძნებულ თანამედროვე ბრენდ Frame-ს.

“გული ყოველთვის Chloé-სკენ მიმიწევდა. უკვე ოც წელზე მეტი გავიდა, რაც მის კარებში შევაბიჯე. დაბრუნება ძალიან ბუნებრივად და პირადულად მეჩვენება,” – აღნიშნა დიზაინერმა.

კამალის პირველ, 2024 წლის წინა-საშემოდგომო კოლექციას ბრენდისთვის იანვარში ვიხილავთ, რასაც სადებიუტო ჩვენება მოჰყვება, რომელიც თებერვალში გაიმართება.