ქეისი ქადვალადერმა, რომელიც Mugler-ის კრეატიული დირექტორის პოზიციას 2017 წლის დეკემბრიდან იკავებს, მოდის სახლისთვის პირველი ჩანთა შექმნა. აქსესუარი წარმოდგენილი იყო სამი დღის წინ პარიზში გამართულ ჩვენებაზეც.

Spiral Curve 01 – ასე ჰქვია ტყავის ჩანთას, რომელსაც Mugler-ის ხელწერად ქცეული სპირალური და მომრგვალებული ფორმა აქვს. მას იტალიელი ოსტატები ტრადიციული და ინოვაციური ტექნიკების გამოყენებით ხელით ამზადებენ. მისი დიზაინი ქეისიმ მატილდა ვენცელთან თანამშრომლობით შექმნა, რომელიც მოდის სახლს აქსესუარების დიზაინერის რანგში შეურთდა.

ჩანთა შემოთავაზებულია სამ ზომაში და ათამდე ფერში, მათ შორის: შავში, ყავისფერში, თეთრში, იასამნისფერში, პასტელურ ვარდისფერსა და ვერცხლისფერში.

მისი შეძენა Mugler-ის ვებ-გვერდზე უკვე შესაძლებელია. ფასები 1,490-დან 2,790 ევრომდე მერყეობს.