ორ მაისს, ფრანგული მოდის სახლის ახალი კრუიზული კოლექციის ჩვენებას მარსელმა უმასპინძლა. ბრენდის ამბასადორებთან ერთად, შოუს რა თქმა უნდა ესწრებოდა Chanel -ის პრეზიდენტი – ბრუნო პავლოვსკი.

Chanel -ის პრეზიდენტი – ბრუნო პავლოვსკი.

პავლოვსკისთან დიალოგში, პრესის წარმომადგენლები გასული კვირების გახმაურებული ჭორებითაც დაინტერესდნენ. გეტყვით, რომ აპრილის მიწურულს, მოდის პრესა მოიცვა LVMH-ის მფლობელობაში არსებულ ბრენდში, Celine-ში განვითარებულმა მოვლენებმა. საქმე იმაშია, რომ მოდის სახლის კრეატიული დირექტორი, ედი სლიმანი კონტრაქტის განახლებაზე დათანხმებას არ ჩქარობს. გავრცელდა ხმები, რომ სლიმანი Celine -დან სწორედ შანელში გეგმავს გადასვლას.

მარსელში გამართული ჩვენების შემდეგ, ბრუნო პავლოვსკიმ განაცხადა, რომ შანელში კრეატიული დირექტორის ცვლილება არ იგეგმება. „ვირჯინი ვიარი (შანელის ამჟამინდელი შემოქმედებითი ხელმძღვანელი) ძალიან კარგად მუშაობს, იგი ფორმაშია. მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც მან კარლ ლაგერფელდი შეცვალა, გარკვეული ადამიანები საუბრობდნენ შანელის სხვა დიზაინერის დანიშვნაზე, მაგრამ მინდა გარკვევით ვთქვა, შანელი არ ეძებს ახალ შემოქმედებით ხელმძღვანელს.“ – განმარტა Chanel -ის პრეზიდენტმა.