ტოკიოს, რომის, შანხაის, ნიუ-იორკის და სხვა ქალაქების შემდეგ Chanel-ის Métiers d’art კოლექციის ჩვენებას მანჩესტერი უმასპინძლებს. ამ ეტაპზე ინფორმაცია იმის შესახებ თუ კონკრეტულად რომელ ლოკაციაზე ჩატარდება ღონისძიება არ გავრცელებულა, თუმცა ცნობილია თარიღი: 2023 წლის 7 დეკემბერი.

Métiers d’art კოლექციის ჩვენება პირველად 21 წლის წინ კარლ ლაგერფელდის ინიციატივით გაიმართა და მას შემდეგ ყოველწლიური ხასიათი მიიღო. “2002 წლიდან მოყოლებული, ყოველ წელს Chanel ერთადერთი მოდის სახლია, რომელიც კოლექციას Métiers d’art-ის savoir-faire-ს და მოდისთვის მის ფუნდამენტურ მნიშვნელობას უძღვნის როგორც დღევანდელი, ისე ხვალიდნელი დღისთვის,” – აღნიშნულია Chanel-ის გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დაკარში გამართული ჩვენება © Chanel

გასულ წელს Chanel გახდა პირველი ევროპული მოდის სახლი, რომელმაც ჩვენება დასავლეთ აფრიკაში გამართა. ვირჟინი ვიარის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით შექმნილი Métiers d’art კოლექციის პრეზენტაცია სენეგალის დედაქალაქ დაკარში მოეწყო.

Métiers d’art კოლექციების მთავარი მიზანი Chanel-ის იმ პარტნიორების დიდებულების წარმოჩენაა, რომელთა ოსტატობითაც მოდის სახლის კოლექციების სრულყოფა ხდებოდა, მათ შორისაა: Lesage, Atelier Montex, Lemarié და ა.შ. თითოეულ მათგანს ახლა სწორედ Chanel ფლობს.