ფრანგული მოდის სახლის წლის ფინალური შოუ, ტრადიციულად, Métiers d’art კოლექციის ჩვენება იყო, რომელსაც ამჯერად მანჩესტერმა უმასპინძლა.

Métiers d’art შოუ პირველად 2002 წელს კარლ ლაგერფელდის ინიციატივით გაიმართა და მას შემდეგ ყოველწლიური ხასიათი მიიღო. მისი მთავარი მიზანი მოდის სახლის იმ პარტნიორების დიდებულების წარმოჩენაა, რომელთა ოსტატობითაც შანელის კოლექციების სრულყოფა ხდება. 

ძირითადი, გაზაფხული/ზაფხულისა და შემოდგომა/ზამთრის კოლექციების პრეზენტაციებისაგან განსხვავებით, რომლებიც თითქმის ყოველთვის პარიზში ეწყობა, Métiers d’art კოლექციის ჩვენებას შანელი სხვადასხვა ქალაქში მართავს. ლოკაციის ვინაობა შოუმდე რამდენიმე თვით ადრე ხდება ცნობილი.

2023 წლის Métiers d’art ჩვენებამ, რომელსაც მანჩესტერმა უმასპინძლა, ქალაქზე 100 + მილიონი ფუნტის ეკონომიკური გავლენა იქონია. სპეციალურად შანელის შოუსთვის მანჩესტერში 600 მაღალშემოსავლიანი სტუმარი ჩაფრინდა, მათ შორის საერთაშორისო ვარსკვლავები, რომლებიც ქალაქში 3-4 დღე, ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროებში დარჩნენ და არაერთი ძვირფასი შენაძენი გააკეთეს, აგრეთვე დაკავდნენ ძვირადღირებული აქტივობებით, რომლებსაც ქალაქი მდიდარ სტუმრებს სთავაზობს.