სილამაზის ინდუსტრიაში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა სულ უფრო აქტუალური ტრენდი ხდება. ეს პრეცედენტები იწვევს მრაფალფეროვან და საინტერესო ასოციაციებს, თუ როგორი შეიძლება იყოს მომავლის პროდუქტები. ახლახანს დეკორატიული კოსმეტიკის მომხმარებლისათვის კიდევ ერთმა წამყვანმა ბრენდმა შექმნა ციფრული პროდუქტი. Chanel-მა ე.წ. ტუჩის სკანერი აპლიკაცია წარადგინა.

Lipscanner- ასე ჰქვია მობილურ პროგრამას, რომელიც მომხმარებლებს საშულებას აძლევს, ნებისმიერი ფერის მითითების მეშვეობით, ბრენდის პროდუქტებს შორის, სასურველი ტონალობის ტუჩსაცხი აღმოაჩინონ.

ფერის იდენტიფიკაციისათვის ნებისმიერი ვიზუალური მასალის გამოყენებაა შესაძლებელი – გადაღებული ფოტოს, თუ სოციალური ქსელიდან აღებული სურათის, ქსელში ატვირთვის შემდეგ. ხელოვნური ინტელექტი ფერის ანალიზს ახდენს, მას შანელის რომელიმე ტუჩსაცხის ფერს შეუსაბამებს და ბრენდის ოფიციალურ საიტზე გვამისამართებს. ამასთან ერთად, ე.წ. დამატებული რაეალობის (Augmented Reality) ტექნოლოგიის საშუალებით, ტუჩსაცხის ვირტუალური მოსინჯვაც შესაძლებელია. გარდა ფერისა, Lipscanner-ის გამოყენებით, მომხმარებელი ტექსტურასაც შეარჩევს. ამჟამად, აპლიკაცია Beauty ინდუსტრიის 20 წამყვან ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, მათ შორის არის საფრანგეთი, იაპონია, აშშ. თუმცა, Lipscanner დროდადრო ყველა იმ რეგიონს დაფარავს, სადაც Chanel-ის ოფიციალური წარმომადგენლობები ოპერირებენ.