
Schiaparelli-ის კრეატიული დირექტორი დენიელ როუზბერი და KidSuper-ის ქოლმ დილანი იმ 10 დიზაინერს შორის არიან, რომლებიც CFDA-მ (მოდის ამერიკელ დიზაინერთა საბჭო) ახალ წევრებად წარადგინა.
“ჩვენი უახლესი წევრები წარმოადგენენ ყველაფერს, რაც ამერიკას აქვს შესათავაზებელი… მრავალფეროვნებას… კრეატიულობას… და ნამდვილ ინდივიდუალურ ტალანტს,” – აღნიშნულია CFDA-ს თავმჯდომარის, თომ ბრაუნის, განცხადებაში.
გარდა დენიელის და ქოლმისა, CFDA-ს ახალი წევრები ასევე გახდნენ: ბრენდონ ბლექვუდი, ტრემეინ ემორი (Denim Tears, Supreme), დენიელ ფრენკელ ჰირში (Danielle Frankel), გრეგ ლორენი, რაულ ლოპეზი (Luar), ჯეიმი ოკუმა (J. Okuma), რიო ურიბე (Gypsy Sport) და ელენა ველეზი. ამჟამად საბჭო ქალისა და მამაკაცის სამოსის, სამკაულის, სათვალისა და აქსესუარების 458 ამერიკელი დიზაინერისგან არის დაკომპლექტებული.
თომ ბრაუნის CFDA-ს თავმჯდომარედ არჩევის შესახებ ცნობილი გასული წლის ოქტომბერში გახდა. 57 წლის დიზაინერმა აღნიშნულ პოზიციაზე ტომ ფორდი ჩაანაცვლა, რომელიც თანამდებობას სამი წლის განმავლობაში იკავებდა.