ტომ ფორდის CFDA-ს თავმჯდომარედ დანიშვნის შესახებ ინფორმაცია 2019 წელს გავრცელდა, რაც ამ სფეროში მისი მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით გასაკვირი არ ყოფილა. აღნიშნულ თანამდებობაზე მიღებული მისი ბოლო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ნიუ-იორკის მოდის კვირეულის განრიგს ეხება.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ განრგის ახალი ოფიციალური სახელი აქვს – „ამერიკული კოლექციების კალენდარი.“

„1962 წლიდან, როცა CFDA ჩამოყალიბდა, ის მთავარ მისიად ამერიკული მოდის ხელშეწყობას ისახავდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ,“ – აღნიშნავს ფორდი თავის წერილში. „ახლა ისე, როგორც არასდროს, ეს ჩვენი ერთ-ერთი უმთავარესი მიზანია.“

შედეგად, კალენდარი მოიცავს ყველა ამერიკელ დიზაინერს, არ აქვს მნიშვნელობა თუ როდის და სად გამართავენ ისინი თავიანთ ჩვენებებს.

2021 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონისთვის, ამერიკული კოლექციების კალენდარში 84 ბრენდს ვხვდებით, თუმცა მათგან რამდენიმე კოლექციებს ნიუ-იორკის ნაცვლად, სხვა ქალაქში წარადგენს.

Proenza Schouler FW 2020

ნიუ-იორკის მოდის კვირეული მხოლოდ ოთხი დღით იგეგმება – 14-დან 17 თებერვლის ჩათვლით. ღონისძიების ფარგლებში პრეზენტაციებს 72 ბრენდი მოაწყობს. იქიდან გამომდინარე, რომ დიზაინერების გარკვეულმა ნაწილმა სხვა დროს, სხვაგან არჩია კოლექციების წარდგენა, განრიგი მოიცავს სხვა თარიღებსაც.

აღსანიშნავია ისიც, რომ კალენდარში არ გვხვდება არაერთი მნიშვნელოვანი სახელი, მათ შორის: რალფ ლორენი, ტომი ჰილფიგერი, მაიკლ კორსი და მარკ ჯეიკობსი.

ნიუ-იორკის ციფრული მოდის კვირეული ფორდის ჩვენებით დაიხურება.

ტომ ფორდის წერილში ასევე ვკითხულობთ:

„მიუხედავად იმისა, რომ CFDA მხარს უჭერს ამერიკელ დიზაინერებს, რომ ჩვენება ნიუ-იორკში, ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართონ, ჩვენთვის გასაგებია, რომ ზოგიერთ მათგანს სჭირდება, რომ გლობალური ხილვადობა გააძლიეროს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ბევრმა ჩვენმა წევრმა არჩია კოლექციების ევროპაში, აზიაში და სხვა ძირითად ბაზრებზე წარდგენა და არაერთი შემთხვევა გვქონდა, როცა კალენდარი დატოვეს. გასული წლის მოვლენებმა კიდევ უფრო გამოკვეთა მოდის სისტემასთან შეთავსების საჭიროება. სად და როგორც არ უნდა არჩიონ ამერიკელმა დიზაინერებმა თავიანთი კოლექციების ჩვენება, CFDA-ში ჩვენი საქმეა პატივი ვცეთ ჩვენს თავდაპირველად გაჟღერებულ მისიას და ხელი შევუწყოთ ამერიკულ მოდას.“