Celine-ის კოლექციების ლაჟვარდოვან სანაპიროზე წარდგენის ციკლი გრძელდება. მონაკოს და ნიცას შემდეგ, ედი სლიმანის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით შექმნილი ნამუშევრების ჩვენება სენ-ტროპეში გაიმართა. მოდის სახლმა „სლიმანის 2000-იანი წლების ერის რენესანსი“ ფილმის სახით შემოგვთავაზა, რომლის საუნდტრეკიც The Libertines-ს ეკუთვნის.
პარიზის მოდის კვირეულის დასრულებიდან ექვსი კვირის შემდეგ ნაჩვენები Celine-ის 2023 წლის ზაფხულის კოლექცია – „La Collection De Saint-Tropez,“ მოიცავდა იმ ელემენტებს, რომლებიც სლიმანის შემოქმედებაში ფუნდამენტურ ადგილს იკავებს და რამაც ორი ათწლეულის წინ Dior Homme-ის ფენომენი შექმნა, მათ შორის ქალებისთვის ინტერპრეტირებულ Skinny ჯინსებს.
საფრანგეთის რივიერაზე მოდელებმა წარადგინეს: ტყავის ჟილეტები, ბზინებით გაფორმებული კაბები, კლასიკური პიჯაკები, ოქროსფერ ღილებიანი ქურთუკები, მოკლე შორტები, ბაიკერის ჩექმები, ტყავის შარვლები, მინი ქვედაბოლოები, ზოლებიანი სვიტერები, წვრილი შარფები და მეზღვაურის სტილის ქუდები. კოლექციაში როკ-ენ-როლის სტილისთვის დამახასიათებელი დეტალები და საზღვაო თემატიკა გაერთიანდა.
სენ-ტროპე სლიმანისთვის არამხოლოდ ახალი კოლექციის ინსპირაციის წყარო, არამედ მისი საცხოვრებელი ადგილიც არის. 2018 წელს, როდესაც ის Celine-ის გუნდს შეუერთდა, კალიფორნია დატოვა და საცხოვრებლად ახალი ადგილი სწორედ აქ, რამატუელში შეარჩია.
ფილმის შავ-თეთრ კადრებში ფონად დიზაინერის ვილა „Villa Kerouac“-საც ვხედავთ. როგორც ჩვენების ჩანაწერებიდან ვიგებთ, სლიმანის მოდის სახლში მისვლის შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მდებარე Celine-ის მაღაზიების ინტერიერი „Villa Kerouac“-ის შთაგონებით იქმნება.
Celine-ის მომდევნო კოლექციის ჩვენება 8 დეკემბერს ლოს ანჯელესში იგეგმება.
La Collection De Saint-Tropez
ზაფხული 2023