შექმნიდან ექვსი წლის შემდეგ, ხელმისაწვდომი “ლაქშერი” ჩანთების ბრენდი By Far მეორე დიდ მაღაზიას ხსნის. ლოს ანჯელესის მელროუზ პლეისზე მდებარე პირველი “ფლეგშიფი” ისეთი ვარსკვლავების საყვარელი მაღაზიაა, როგორებიც არიან კენდალ ჯენერი, ჰეილი ბიბერი, ბელა ჰადიდი, კაია გერბერი, სოფი ტერნერი და ა.შ. მეორე “ფლეგშიფს” ბრენდი სტრატეგიულად აზიაში ხსნის, კერძოდ შანხაის ცენტრში, ახლად გახსნილ სავაჭრო ცენტრ Zhangyuan-ში.

ინტერიერზე ნიუ-იორკში დაფუძნებულმა დიზაინ სტუდიამ De-yan-მა იმუშავა. მაღაზიის ფართობი 440 კვადრატია და მისი დიზაინი ჩინური ფენშუის ტრადიციებითაა შექმნილი. ინტერიერის პალიტრა ბრენდისთვის დამახასიათებელ პასტელურ ვარდისფერსა და იასამნისფერშია გადაწყვეტილი.

By Far ჩინეთის ბაზარზე Tmall-ის (ყოფილი Taobao) მეშვეობით, 2021 წელს შევიდა და პირველივე წელს სამ ციფრიანი ზრდა მიიღო. ბრენდის წარმომადგენლების განცხადებით, ზრდა აზიის ბაზარზე კიდევ გაგრძელდება.