
ბრიტანელი დიზაინერი დენიელ ლი, რომელმაც ცნობადობა იტალიურ მოდის სახლთან Bottega Veneta-სთან მუშაობის შემდეგ მოიპოვა, მშობლიურ ბრიტანეთში გასულ წელს დაბრუნდა და ლეგენდარულ მოდის სახლში, Burberry-ში დაინიშნა კრეატიულ დირექტორად. მისი დებიუტი ლონდონის მოდის კვირეულზე 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე შედგა, რომელიც ექსპერტებმა შეაფასეს, როგორც “ბრიტანული იდენტობის ინტერპრეტაცია ტრადიციული ტარტანის, ბარბერის პრინტისა და ტრენჩების გარეშე”.
მორიგი სიახლე, რომელიც ბარბერისა და დენიელ ლის უკავშირდება, თავად ბარბერიზე არანაკლებ “ბრიტანულია” – დიზაინერი Royal Ballet-ის ახალი დადგმისთვის კოსტიუმების დიზაინს შექმნის. დადგმის სახელწოდება ჯერ-ჯერობით არაა ცნობილი, თუმცა, მისი რეჟისორი და ქორეოგრაფი სამეფო ბალეტის ქორეოგრაფი ვეინ მაკგრეგორი იქნება. დადგმა, განსაკუთრებით სეტ დიზაინი, ამერიკელი არტისტის, კარმენ ჰერერას ხსოვნას მიეძღვნება, რომელიც გასულ წელს 106 წლის ასაკში გარდაიცვალა. “ამ განსაკუთრებულ პროექტს სამეფო ბალეტი შესანიშნავ მინიმალისტ ხელოვანს, კარმენ ჰერერას ხსოვნას უძღვნის,” ამბობს მაკგრეგორი გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული კოლაბორაცია პირველი შემთხვევაა დენიელის კარიერაში, როდესაც იგი კოსტიუმებს სამეფო ბალეტისთვის ქმნის, რაზეც მაკგრეგორმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: “დენიელ ლი უზარმაზარი წარმოსახვის პატრონია, მისი ნამუშევრები, ინოვაციური იდეები და ენერგია განსაკუთრებულ დაფასებას იმსახურებს,” ამბობს ის, “ბარბერის გუნდთან ერთად ჩვენ განსაკუთრებულ შედეგს დავდებთ და პატივს მივაგებთ კარმენს, რომელმაც რევოლუციური გზა გაიარა ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში.”
“სამეფო ბალეტთან თანამშრომლობა სიამოვნება და, რა თქმა უნდა, უდიდესი პატივია,” განაცხადა დენიელ ლიმ, “ჩემთვის ყოველთვის საოცნებო იყო სასცენო კოსტიუმების შექმნა, განსაკუთრებით საბალეტო, რადგან ცეკვა ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი ხელოვნების სახეობაა.”
შეგახსენებთ, რომ სამეფო ბალეტისთვის კოსტიუმები შექმნილი აქვთ ისეთ დიზაინერებს, როგორებიც არიან გარეთ ფიუ და ბალენსიაგას დემნა. დადგმის პრემიერა 2023 წლის 9 ივნისს, Royal Opera House-ში იგეგმება, ხოლო კომპოზიტორი ისლანდიელი ანა თორვალდსდოტირი იქნება.