ბარბერი British Fashion Council-ის ინიციატივას შეუერთდა და ამიერიდან გამოუყენებელ ქსოვილებს, გარდა ბრენდისთვის დამახასიათებელი და დაბრენდილი ნაჭრებისა, სტუდენტებს საჩუქრად გადასცემს. პროექტს ReBurberry ეწოდა და მისი ავტორები აცხადებენ, რომ იმედი აქვთ მათ მაგალითს სხვა მოდის სახლებიც მიბაძავენ.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის დასაწყისში Alexander McQueen-მაც გადასცა ნაჭრები საჩუქრად რამდენიმე უნივერსიტეტს.

დიდ ბრიტანეთში სტუდენტებს განათლების მისაღებად დაახლოებით 50 ათასი ფუნტი სჭირდებათ, ხოლო მოდის დიზაინის სტუდენტებს მეტი ხარჯი აქვთ; ნაჭრები, ღილები, ელვები და ა.შ. ფინანსური კრიზისის პერიოდში საკმაოდ რთულია დამწყები დიზაინერებისთვის თავი გაართვან უდიდეს გამოწვევებს კარიერის დასაწყისშივე. პარალელურად, კაცობრიობა კლიმატური კატასტროფის წინაშე დგას, დაბინძურება მსოფლიოს უდიდესი პრობლემაა, რომლის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი ჭარბწარმოებაა, მოდა კი ერთ-ერთი პირველი ინდუსტრიაა, რომელიც გარემოს დაბინძურებას იწვევს.

“დიდი მოდის სახლების მიერ გამოუყენებელი ნაჭრების საქველმოქმედო მიზნით გამოყენება ერთდროულად ორი პრობლემის შემსუბუქებისთვის ძალიან ჭკვიანური გამოსავალია. Burberry-ს ქველმოქმედება, რომელსაც იმედი გვაქვს მომავალში სხვებიც შეუერთდებიან, ხელს შეუწყობს დარჩენილი და გამოუყენებელი მასალის მინიმიზაციას. ასევე ეს დაეხმარება მოდის განათლებას. ჩვენ დავეხმარებით სტუდენტებს, რომლებსაც უჭირთ საკუთარი თავის გამოკვება, ზოგისთვის ნაჭრების შესყიდვაზე საუბარიც კი ზედმეტია. გამოსაშვებ წელს სტუდენტებს კოლექციის შექმნა ევალებათ, ასეთ გაურკვეველ დროს, მათ იმის შეგრძნება უნდა ჰქონდეთ, რომ მათი ბედი ვიღაცას მაინც ადარდებს.” ნათქვამია პროექტის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.