
პარიზის (და არა მარტო) მოდის კვირეული K-pop-ის ვარსკვლავების გარეშე უკვე წარმოუდგენელი ხდება. ჩვენებების წინა რიგებში ისინი ყურადღების ცენტრში არიან, ხოლო კარდს მიღმა, ფრანგული მოდის სახლები განაგრძობენ მათთან კონტრაქტების გაფორმებას. ამჯერად, სიახლე BTS-ის J-Hope-სა და Jimin-ს ეხებათ, რომლებმაც ახალი კონტრაქტები ლუი ვიტონთან და ტიფანისთან გააფორმეს.

ბრენდებმა ქეი-ფოფის მეგავარსკვლავები ახალ გლობალურ ელჩებად გასულ კვირას წარადგინეს. აღსანიშნია, რომ 2021 წლის დასაწყისში, ლუი ვიტონმა BTS-ის კოლექტივი წარადგინა გლობალურ ელჩებათ, თუმცა მას შემდეგ, თანამშრომლობის ვადა ამოიწურა.
Global Recording Artist Chart-ის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ შემსრულებლებსა თუ ბენდებს შორის, BTS-ი მეორე ადგილზეა. ამავე სიაში ტოპ სამეულში ბენდი უკვე სამი წელია ზედიზედ ხვდება.
ლუი ვიტონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ბრენდის წარმომადგენლობა BTS-ს “21-ე საუკუნის პოპ ხატებს” უწოდებს და ამატებს, რომ J-Hope-ს “ბრენდში შარმი და სტილი შემოაქვს, რომელიც მოდის სახლს ახალ ეტაპზე გადაიყვანს.”

რაც შეეხება Jimin-ისა და ტიფანის კონტრაქტს, ბრენდსა და სამხრეთ კორეელი მუსიკოსის თანამშრომლობა “მომენტალურად იწყება”, ხოლო პირველი კამპანია წელს მოგვიანებით გავრცელდება, თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია. გლობალური ამბასადორის როლში, Jimin-ს ბრენდის კამპანიებში ვიხილავთ, ისევე, როგორც მნიშვნელოვან ღონისძიებებზე. “Jimin გაგვიზიარებს საკუთარ განსაკუთრებულ ხედვას სამკაულების სტილიზაციისთვის Tiffany & Co.-სთან ერთად,” ნათქვამია ბრენდის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.

ტიფანის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე არნომ ასევე გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ის “მოხარულია, რომ აქვს შანსი Jimin-თან ითანამშრომლოს.” Jimin-ს კონტრაქტი LVMH-ის კიდევ ერთ სახლთან, დიორთან აქვს, რომლის შესახებაც სიახლე 2023 წლის დასაწყისში გავრცელდა.