2019 წელს ბრუნო სიალელის Lanvin-ის კრეატიულ დირექტორად დანიშვნას წინ უძღოდა პრესაში ოთხი წლის განმავლობაში გამოყენებული შემდეგი სათაურები: „ქალების საყვარელი დიზაინერი ალბერ ელბაზი ლანვინიდან წავიდა!“ „ბუშრა ჟარარი ლანვინის ახალი შემოქმედებითი ხელმძღვანელია,“ „ბუშრა ჟარარმა ლანვინი დატოვა,“ „ოლივერ ლაპიდუსი ლანვინის ახალ შემოქმედებით ხელმძღვანელად დაინიშნა,“ „ლანვინი ფრანგული მაიკლ კორსი ხდება,“ „ოლივიე ლაპიდუსმა ლანვინი დატოვა,“ „14 წლის შემდეგ ლანვინის მამაკაცის ხაზის კრეატიული ხელმძღვანელი ლუკას ოსენდრაივერი პოსტს ტოვებს,“ „ლანვინი კრიზისშია,“  „ლანვინი იყიდება,“ „ლანვინი ჩინურმა კონგლომერატმა შეიძინა,“ დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ფრანგულ მოდის სახლს კიდევ ერთი კრეატიული დირექტორი ტოვებს.

ბრუნოს მიერ დაკავებული თანამდებობის დატოვების მთავარ მიზეზად Lanvin-ის ახალი შემოქმედებითი მიმართულება და სტრატეგია სახელდება, რომლის შედეგადაც მთავარი აქცენტი ტყავის ნაწარმზე, აქსესუარებზე და “სპეციალურ პროექტებზე” გაკეთდება. WWD-ს გავრცელებული ინფორმაციით, მოდის სახლს მიზნად აქვს განავითაროს Lanvin Lab-ის კონცეფცია და “კრეატიული პარტნიორობებისთვის” პერიოდულად მიიწვიოს საერთაშორისოდ აღიარებული და ამომავალი ტალანტები. პირველი მიწვეული ტალანტის ვინაობა მომდევნო კვირების განმავლობაში გახდება ცნობილი.

“მადლიერები ვართ ბრუნოსი თავისი ხედვისთვის და ამ მოდის სახლში შეტანილი წვლილისთვის, მისი შემოქმედებითი თავგადასავალი გრძელდება, ჩვენ კი მას მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებთ,” – განაცხადა Lanvin-ის გენერალური მენეჯერის მოადგილემ სიდჰარტა შუკლამ.

Lanvin შემოდგომა/ზამთარი 2023

სანამ ის Lanvin-ის გუნდს შეუერთდებოდა, ფრანგი დიზაინერი Loewe-ს კაცის ხაზზე იყო პასუხისმგებელი, მანამდე კი Balenciaga-ში ნიკოლა ჟესკიერის და ალექსანდრ ვენგის დაქვემდებარების ქვეშ მუშაობდა, ასევე – Acne Studios-ში, სადაც ქალის სამოსის უფროსი დიზაინერი იყო და Paco Rabanne-ში. “ძალიან ამაყი ვარ იმით, რასაც Lanvin-ში გასული ოთხი წლის განმავლობაში მივაღწიეთ და მადლობას ვუხდი Lanvin-ს და ჩემი გუნდის წევრებს, რომლებიც თავიანთი უნიკალური ნიჭითა და თავდადებით ამ დიდებულ თავგადასავალში თან მახლდნენ,” – აღნიშნა მან.

2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია არის ბოლო, რომელიც ბრუნომ Lanvin-ისთვის შექმნა.