მერი ქუანთის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო სიახლეს მისი ოჯახი ავრცელებს. როგორც გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ის “დღეს დილით მშვიდად გარდაიცვალა სარიში, გაერთიანებულ სამეფოში, საკუთარ სახლში.” ბრიტანელი დიზაინერი 93 წლის იყო.

მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ, გავლენიან და აღიარებულ დიზაინერს ხშირად მიაწერენ მინი-ქვედაბოლოს დიზაინის შექმნას და მიუხედავად იმისა, რომ ის პირველად მერის არ შეუქმნია, ეს დიზაინი რევოლუციურ ტრენდად და “თავბრუდამხვევი 60-იანი წლების” სიმბოლოდ მან და მისმა მაღაზია Bazaar-მა აქცია. მოდაში მერის დამსახურებების შესახებ საუბარიც ყოველთვის სწორედ მინი-ქვედაბოლოთი იწყება.

“შეუძლებელია ქუანთის მოდაში შეტანილი წვლილი გადაჭარბებით შეფასდეს. ის 1960-იანი წლების მოდის სიხარულით აღსავსე თავისუფლების წარმომადგენელი და ახალგაზრდა ქალებისთვის ახალი მისაბაძი მაგალითი იყო. დღეს მოდა მის ნოვატორულ ხედვას ძალიან ბევრს უნდა უმადლოვდეს,” – წერია V&A მუზეუმის გავრცელებულ განცხადებაში.

მერი ქუანთი, 1960-იანი წლები © Getty Images

მერი 1930 წლის 11 თებერვალს ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მასწავლებლების ოჯახში დაიბადა. 1950-იან წლებში ის ხელოვნების მიმართულებით გოლდსმითის კოლეჯში სწავლობდა, სადაც თავის მომავალ მეუღლე ალექსანდრ პლანკეტ გრინს შეხვდა, რომელიც მოგვიანებით საკუთარი ბრენდის დაარსებაში დაეხმარა. სანამ ტანსაცმლის შექმნას თავად დაიწყებდა, ქალის ქუდების დიზიანერის შეგირდი იყო, 1955 წელს კი ჩესლიში, ქინგს როუდზე მაღაზია გახსნა, სახელწოდებით “Bazaar.” დანარჩენი, როგორც იტყვიან, უკვე ისტორიაა.