ახლახან, Netflix-ზე, ბრედლი კუპერის რეჟისორობით გადაღებული ფილმის, Maestro -ს პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა. კინოსურათში სიუჟეტი მე-20 საუკუნის ცნობილი ებრაული წარმოშობის ამერიკელი დირიჟორისა და კომპოზიტორის – ლეონარდ ბერნსტაინის ირგვლივ ვითარდება. აღსანიშნავია, რომ კუპერი ფილმის რეჟისორთან ერთად, სცენარის თანაავტორი და მთავარი როლის შემსრულებელიც არის. ფილმში კუპერს პარტნიორობას კერი მალიგანი უწევს, რომელიც ლეონარდ ბერნსტაინის ცოლს განასახიერებს.
როგორც სინოფსისიდან ვიგებთ, Maestro სწორედ ლეონარდ ბერნსტაინის და თავისი ცოლის სიყვარულის ისტორიაზეა ფოკუსირებული. ფილმში ასევე მონაწილეობენ: მაია ჰოუკი, მეტ ბომერი, ალექსა სუინტონი და სხვები.
როგორც გავრცელებული ტრეილერიდან ირკვევა, შავ-თეთრ ფილმში ბრედლი კუპერი და კერი მალიგანი გრიმის დახმარებით გარდაისახნენ, რადგან პერსონაჟები, შემსრულებელ გმირებთან შედარებით, ასაკოვანები არიან. ტრეილერის გავრცელების შემდეგ, ფილმმა და კონკრეტულად ბრედლი კუპერმა დიდი კრიტიკა დაიმსახურა. მიზეზი სწორედ გრიმია. საქმე იმაშია, რომ ბრედლი კუპერს ცხვირი დაგრძელებული აქვს, რაც ჰოლივუდის მიერ ებრაელი ხალხის ვიზუალის სტერეოტიპული აღქმის კიდევ ერთ მაგალითად აღიქვეს.
კრიტიკის შემდეგ, სოციალურ მედიაში განცხადება გააკეთეს გარდაცვლილი დირიჟორის შვილებმა და კუპერის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. ბერნსტაინის ოჯახის წევრების განცხადებით, ბრედლი კუპერმა ისინი პროექტის ყველა ეტაპში ჩართო.
რაც შეეხება ფილმის პრემიერას, Maestro მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე ნოემბერში გამოვა, Netflix-ზე კი, 2023 წლის 20 დეკემბერს გამოქვეყნდება. Maestro ბრედლი კუპერის მეორე სარეჟისორო ნამუშევარია. პირველი სადებიუტო ფილმი – A Star Is Born კუპერმა 2018 წელს წარადგინა. მასში მთავარ როლს ლედი გაგა ასრულებს. სწორედ ამ ნამუშევარში, მუსიკალური შესრულებისთვის, ლედი გაგამ ოსკარიც დაიმსახურა.