ვირჯილ აბლოს გარდაცვალებიდან ხუთი თვის შემდეგ, Off-White-ში მისი შემცვლელის ვინაობა ცნობილია. ის გავლენიანი ბრიტანელი სტილისტი იბრაჰიმ ქამარაა, რომელიც ვირჯილის დაარსებულ ბრენდში არტ დირექტორის პოზიციას დაიკავებს.
“ვირჯილი მუდამ ჩვენთან იქნება. ჩემთან. მან მსოფლიო შეცვალა და წარუშლელი კვალი დატოვა ყველაზე, ვისთანაც შეხება ჰქონია და არამარტო,” – ამბობს იბრაჰიმი. “პატივია Off-White™️-თან არტ და იმიჯ დირექტორის როლში ჩემი კავშირის გაღრმავება და იმ გუნდის ნაწილად ყოფნა, რომელიც იმ ისტორიის თხრობას გააგრძელებს, რომლის წერაც ყოველი ჩვენგანისთვის ვირჯილმა დაიწყო.”
როგორც სიახლესთან დაკავშირებით Off-White-ს გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, იბრაჰიმსა და ვირჯილს შორის კომუნიკაცია Instagram-ზე პირადი მიმოწერით დაიწყო, რაც მალევე გადაიზარდა პერსონალურ და პროფესიულ ურთიერთობაში, რომელიც სამი წლის განმავლობაში “საერთო ღირებულებებსა და ურთიერთპატივისცემას” ეფუძნებოდა. იბრაჰიმი თავისი ახალი თანამდებობის ფარგლებში პასუხისმგებელი იქნება ბრენდის კოლექციებზე, იმიჯსა და კონტენტზე.
იბრაჰიმ ქამარა სიერა ლეონეში დაიბადა, ბავშვობა კი გამბიაში გაატარა. 16 წლის ასაკში ლონდონში გადავიდა, სადაც განათლება Central Saint Martins-ში მიიღო. მისი პორტფოლიო სხვადასხვა გავლენიან გამოცემებს მოიცავს, მათ შორისაა: Vogue-ის იტალიური და ბრიტანული გამოცემები, Love, AnOther, i-D და ა.შ. უთანამშრომლია ისეთ ფოტოგრაფებთან, როგორებიც არიან: პაოლო როვერსი, მერთ ალასი & მარკუს პიგოტი, დევიდ სიმსი, გლენ ლუჩფორდი, რაფაელ პავაროტი. ბრენდებთან, რომელთა შორისაცაა: მარკ ჯეიკობსი, ბარბერი, ლუი ვიტონი, ერდემი. არტისტებთან – რიანას, მადონას და ბიონსეს ჩათვლით. 2021 წელს იბრაჰიმი ჟურნალ Dazed-ის მთავარ რედაქტორად დაინიშნა.
ვირჯილ აბლო 2021 წლის 28 ნოემბერს, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. Louis Vuitton-ის კაცის ხაზის და Off-White-ის დიზაინერი ორი წლის განმავლობაში იშვიათ, ავთვსიებიან სიმსივნეს, გულის ანგიოსარკომას ებრძოდა.