პეკინში Bottega Veneta-ს განმეორებითი ჩვენება ჩატარდა. ბრენდის 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია თავდაპირველად მილანში გაიმართა. WWD-ს მონაცემებით, ჩინურ სოციალურ მედიაში (კერძოდ Weibo და Wechat) ჩვენებას 36 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა.

კრეატიულმა დირექტორმა მეთიუ ბლეიზიმ ჩვენების ლოკაციად Red Brick Art Museum აირჩია. სტუმართა სია დაახლოებით 400 ადამიანისგან შედგებოდა, მათ შორის იყვნენ ბრენდის VIP კლიენტები და სამხრეთ აზიელი მეგა-ვარსკვლავები: Angelbaby, Dong Jie, Mika Hashizume, Stefanie Sun, Jin Boran, Pimchanok Leuwisetpaibul, Dew Jirawat Sutivanichsak და სხვები.

ცოტა ხნის წინ, ბოტეგა ვენეტას მენეჯმენტში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, ბრენდმა ჩინეთში ახალი აღმასრულებელი ოფიცერი დანიშნა დარიო გარჯიულოს სახით. მისი უპირველესი მოვალეობა ჩინეთში ბრენდის მაქსიმალური პოპულარიზაციაა. ბრენდმა მეთიუ ბლეიზის კრეატიული დირექტორობის პერიოდში ჩინეთში პირველი ნაბიჯები ჯერ კიდევ გასულ ზამთარს, ჩინური ახალი წლის პერიოდში გადადგა, როდესაც ჩინეთის დიდ კედელზე სადღესასწაულო ინსტალაციები აღმართა.

როგორც ბოტეგა ვენეტას პიარ გუნდი აღნიშნავს, ბრენდს აგვისტოში ჩინური სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი დიდი კამპანიაც ექნება. რაც შეეხება მაღაზიებს, ჩინეთში ბოტეგა ვენეტას 51 მაღაზია ფუნქციონირებს, თუმცა ახლო მომავალში სიას მინიმუმ ერთი ლოკაცია შეემატება.