მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში Bottega Veneta-მ ჩვენებების “იტალიური” ტრილოგიის დასკვნითი ნაწილი შემოგვთავაზა. კოლექციების სერია მიზნად ქვეყნის წარსულის, აწმყოს და მომავლის ჩვენებას ისახავდა, თუმცა მესამე შოუ ნამდვილად განსაკუთრებული აღმოჩნდა. მასზე ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები, პერსონაჟები ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ.
მოდის სახლის კრეატიული დირექტორის, მეთიუ ბლაზის, თქმით, ის მოხიბლული იყო იტალიაში მოწყობილი მსვლელობის იდეით, “პროცესიის, უცნაური კარნავალის, რომელსაც ადამიანები სხვადასხვა ადგილიდან შეუერთდნენ და სვლა ერთი მიმართულებით დაიწყეს. მინდოდა მენახა თუ რატომ იყრიდა ხალხი თავს სივრცეში, სადაც იერარქია არ არსებობს და ყველა დაპატიჟებულია.”
Bottega Veneta-ს წინა კოლექციების მსგავსად, ამჯერადაც დიდი რაოდენობით იყო ნაჩვენები ტყავის ნამუშევრები, რომლებიც ერთი შეხედვით გვაფიქრებინებს, რომ სხვა მასალების გამოყენებით არის დამზადებული და სხვადასხვა ქსოვილებს ბაძავს. ასე მაგალითად, ის რაც ერთი შეხედვით ბამბის მაისური, ფლანელის ჟაკეტი ან ჯინსის შარვალი შეიძლება გვეგონოს, სინამდვილეში ტყავის სამოსია.
2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში წარმოდგენილი იყო წინდა-ჩექმები, რომლებიც ასევე ტყავის მასალის გამოყენებით შეიქმნა, თუმცა ბამბის ან შალის ნაქსოვ წინდებს ჰგავს. ჩვენებაზე ისინი კრემისფერსა და წითელში იყო შემოთავაზებული.
© Vogue Runway
ჩვენების ჩანაწერი