ჩუმი ლაქშერის ტრენდი, რომელზეც ახლა განსაკუთრებით ბევრი გვესმის (მადლობა Succession-ის ახალ სეზონს), შესაძლოა თავისუფლად დავუკავშიროთ Bottega Veneta-სა და დენიელ ლის ტანდემს, რომელმაც მოდის სამყაროში ბევრი რამ შეცვალა. მათ შორისაა ჩანთები და სხვა აქსესუარები ბრენდირების გარეშე. ამ “წესს” ბრენდში ახალი კრეატიული ხელმძღვანელი, მეთიუ ბლაზიც აგრძელებს, თუმცა გამონაკლისების დაშვება ყველასთვის შეიძლება.

ასეთი გამონაკლისია ბოტეგას ახალი, “Quadronno” ჩანთა, რომელზეც წარწერა “Bottega Veneta” გვხვდება. სახლის კოდებიდან გადახვევა ჩანთის მასალაცაა – სახელურის გარდა, ის მთლიანად ტილოსგანაა დამზადებული. ჩანთის შიდა ჯიბეები, სახელური და ერთგვარი “ქეისი” ტილოს ჩანთის სატარებლად ბრენდის ტრადიციული Intreccio ქსოვის ტექნიკითაა დამზადებული, რა თქმა უნდა, ნატურალური ტყავისგან, “IYKYK”.

(c) Bottega Veneta

რაც შეეხება ჩანთის სახელს, მეთიუმ მას Bar Quadronno-ს საპატივცემულოდ Quadronno დაარქვა. მილანში მდებარე სენდვიჩ-ბარი 60-იანებში გაიხსნა და მას შემდეგ, ის მოდის ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებისთვის საყვარელ ადგილად იქცა.

ჩანთის ღირებულება ბოტეგა ვენეტას ოფიციალურ საიტზე 3200 დოლარს შეადგენს.