
გასული წლის სექტემბერში ქეით მოსის Bottega Veneta-ს ჩვენებაზე გამოჩენა მომენტალურად იქცა ინტერნეტში განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად. პოდიუმზე სუპერმოდელი მინიმალისტური მაკიაჟით და ბუნებრივი თმის სტილით ფლანელის პერანგში, თეთრ მაისურსა და ჯინსებში გამოწყობილი წარსდგა, რომლებზეც ერთი შეხედვით ვერავინ იტყოდა, რომ სინამდვილეში ტყავისგან იყო დამზადებული. როგორც მოდის სახლის კრეატიულმა დირექტორმა მეთიუ ბლაზიმ Vogue-თან საუბრისას აღნიშნა, პერანგი, რომელმაც განსაკუთრებით დიდი ყურადღება მიიქცია, სპეციალურად ქეითისთვის შეიქმნა, ინსპირაცია კი მისი 90-იანი წლების სტილი იყო.

© Getty Images
დღეს Bottega Veneta-მ წარადგინა ჟურნალი, რომელიც მეთიუს სუპერმოდელის მიმართ სიყვარულს ასახავს, რომელსაც ის 12 წლის ასაკიდან ინარჩუნებს. დიზაინერმა გაამჟღავნა, რომ ქეითი იყო პირველი, ვისი სახელიც Google-ში მოძებნა და პირველი ადამიანი, რომლის ფოტოც თავისი ოჯახის პრინტერით ამობეჭდა. “მისი ფოტოების შეგროვება იქცა ჰობად, რომელმაც ერთგვარი საგანმანათლებლო როლი შეასრულა. ფოტოგრაფები, დიზაინერები და მოდა მისი საშუალებით აღმოვაჩინე,” – განაცხადა მან.




© Bottega Veneta
ჟურნალი, რომელიც სუპერმოდელის გამოსახულებებს აერთიანებს ხელმისაწვდომია Bottega Veneta-ს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მდებარე მაღაზიებში და ის მომხმარებლებზე უფასოდ გაიცემა.