9 აპრილს იტალიურმა მოდის სახლმა Bottega Veneta-მ ბერლინის საკულტო ღამის კლუბ ბერგჰაინში გასაიდუმლოებული ჩვენება გამართა. ‘Salon 02’ პრეზენტაციაზე დასწრება გასული სეზონის მსგავსად, ამჯერადაც შეზღუდული იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებიდან ფოტო და ვიდეო მასალა ჯერ არ გამოქვეყნებულა, გავრცელდა მასზე მიწვეული სტუმრების ფოტოები, რომლებიც სოციალურ ქსელებში აქტიურად გვხვდება. სტუმრებს შორის კი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი არაერთი ცნობადი სახე იყო, მათ შორის: თეა ჯორჯაძე, Virgil Abloh, Stefano Pilati, Skepta, Honey Dijon, Roberto Bolle, Tricky, Slowthai, Kwes Darko, Oumi Janta, Michelle Nicol, Marc Goehring, Sven Marquardt და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ შოუს მოსაწყობად შერჩეულ ადგილს თავისი სტატუსიდან გამომდინარე საზოგადოებაში თითქოს მღელვარება და აღფრთოვანება უნდა გამოეწვია, პანდემიურ რეალობაში ეს გადაწყვეტილება უმეტესობამ მიუღებლად მიიჩნია. არც სოჰო ჰაუსში ჩვენების შემდეგ გამართულ წვეულებას მოჰყოლია ხალხში აღტაცება.
გერმანიაში COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების ფონზე პრეზენტაციის ბერგჰაინში მოწყობა, მისთვის სტუმრების სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩაყვანა და შემდეგ წვეულების მოწყობა დღევანდელი სიტუაციისთვის შეუსაბამოდ ჩათვალეს. “მთელი ქალაქის სახეში საკულტო სილის გაწნა,” “სერიოზულად? მთელი ქვეყანა თვეებია სასტიკ კარანტინშია, რასაც ბოლო არ უჩანს და მოდის დიდი კორპორაცია ფიქრობს, რომ ეს კარგი იდეაა?! სირცხვილი ბოთეგას და დენიელ ლის,” “არაჩვეულებრივი ნაბიჯია! ბერლინის საკლუბო სცენა სიკვდილის პირასაა, მაგრამ ბოთეგას შეუძლია თქვას, ჯანდაბამდე გზა გქონიათ, მდიდრები ვართ, ჩვენთვის სულერთია, ისე ვერთობით თითქოს კორონა არ არსებობდეს.” – წერენ Vogue Hommes-ის პოსტზე ინსტაგრამის მომხმარებლები. კრიტიკამ მიმების სახეც მიიღო, რამაც კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩართო ამ საუბარში.
შეგახსენებთ, ბრენდი იანვრიდან სოციალურ ქსელებში ოფიციალური ანგარიშებით აღარ არის წარმოდგენილი. მისმა შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა დენიელ ლიმ The Guardian-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ “სოციალური მედია კულტურის ჰომოგენიზაციას ავლენს” და ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ თავის საქმიანობას უდიდეს ძალისხმევას ახმარს, სოციალური მედია კი ყველაფერს ზედმეტად მარტივად წარმოაჩენს. ნაცვლად სოციალურ ქსელებში კონტენტის შექმნაზე ზრუნვისა, ცოტა ხნის წინ Bottega Veneta-მ კომუნიკაციის ახალ გზას მიმართა და ონლაინ ჟურნალი გამოუშვა – Issued by Bottega.